თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 30%–ზე მეტი მწეველია, ხოლო 3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების 60% თამბაქოს კვამლის მავნე, მეორადი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის სპეციალურ მოხსენებაში.
ომბუდსმენი უკმაყოფილოა იმით, რომ ქვეყანაში არ არსებობს თამბაქოს რეკლამის, პოპულარიზაციისა აკრძალვა. ასევე, არ არსებობს ელექტრონული სიგარეტის რეალიზაციასა და რეკლამირებასთან დაკავშირებული რეგულაციები, რაც სახალხო დამცველის აზრით, დროულად უნდა იქნეს შემოღებული. ამავდროულად, საჭიროა მოქმედი რეგულაციების ეფექტური აღსრულება.
„თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა საჭიროებს სრულყოფას და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციასთან და აღნიშნულ საკითხზე ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივებთან მაქსიმალურ შესაბამისობაში მოყვანას, განსაკუთრებით, მოზარდი თაობის წარმომადგენელთათვის თამბაქოს პროდუქციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრებას“,– განაცხადა ნანუაშვილმა.
ომბუდსმენის თქმით, კანონებში შეტანილ უნდა იქნას ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ თამბაქოს მოწევის სრულ აკრძალვას დაწესებულებების დახურულ შენობებში. „აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მყისიერად უნდა უზრუნველყოს თამბაქოს პროდუქციის მავნებლობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება“, — ხაზი გაუსვა ნაუაშვილმა.
ახალი წლიდან ძალაში შევიდა საგადასახადო კოდექსის შესწორებები, რომელთა თანახმად სიგარეტზე გადასახადი გაიზარდა. როგორც ადრე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ხელისუფლება ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევაზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავს.
საქართველოში 2013 წლიდან თამბაქოს ნაწარმზე ფასები ოთხჯერ გაიზარდა.
საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო შესწორებებს იხილავს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე კაფეებში, ბარებსა და რესტორნებში მოწევის აკრძალვას გულისხმობს. ამ დაწესებულებებში მოწევა დაშვებული იქნება, თუ სპეციალური ადგილი გამოიყოფა გამწოვით. წინააღმდეგ შემთხვევაში მწეველებს ქუჩაში გასვლა მოუწევთ.