თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. აღდგომის პირველ ორშაბათს საქართველოში მიცვალებულთა ხსოვნის დღე აღინიშნება.
ამ დღეს, მოსახლეობის უმეტესობა ტრადიციულად საფლავზე გადის და პატივ მიაგებს გარდაცვლილთა ხსოვნას. ორშაბათი საქართველოში ოფიციალური უქმე დღეა.
თბილისში სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები 08:00-დან 20:00-მდე უფასოდ იმოძრავებენ. მერიამ ამ მიზნით 80 ავტობუსი გამოყო. თბილისის მსგავსად, უფასო ავტობუსები მოემსახურება ბათუმის მოსახლეობასაც.
თბილისში ბუხათგვერდისა და ვაშლიჯვარის მიმართულებით ავტობუსები მეტროს სადგურ „დიდუბიდან“ გავა. კუკია-მახათასკენ — ვაგზლისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოზე — მეტროს სადგურ "დელისიდან", თბილისის ზღვის სასაფლაოზე — მეტროს სადგურ "სარაჯიშვილიდან".
ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი ბ. ჭიჭინაძის ქუჩის N25 კორპუსის მიმდებარედ გაჩერდება, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ მეტროს სადგურ "ვარკეთილიდან" და შუამთის ქუჩის ბოლოდან იმოძრავებს.
გარდა ამისა, თბილისში სასაფლაოების მიმართულებით ავტომობილების მოძრაობისათვის სპეციალური რეჟიმი დაწესდა.
საბურთალოს სასაფლაოსთან ავტომანქანებით მისვლა შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველას გამზირიდან სანდრო ეულის ქუჩისა და უნივერსიტეტის ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები უნივერსიტეტის ქუჩით, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით დატოვებენ.
კუკიის სასაფლაოს მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება საბჭოს მოედნიდან, ნორიოს აღმართისა და მამარდაშვილს ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები ცაიშის, ქვალონის, აბაშიძის და 9 ძმის ქუჩებით დატოვებენ.
მუხათგვერდის სასაფლაოსკენ ავტომანქანებისთვის მოძრაობა იქნება წრიული – აღმაშენებლის ხეივნიდან გიორგი ბრწყინვალის ქუჩის გავლით.
თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებით ავტომანქანებისთვის მოძრაობა ნებადართული იქნება ხუდადოვისა და ანაპის დივიზიის ქუჩებით, თემქის მხრიდან. სასაფლაოდან წამოსვლა შესაძლებელი იქნება მუხრანის და ხუდადოვის ქუჩებით.