თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. აღდომის დღესასწაულთან დაკავშირებით 16–17 აპრილს თბილისში სასაფლაოებისკენ მიმავალ გზებზე გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შსს–ს პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.
საბურთალოს სასაფლაოსთან ავტომანქანებით მისვლა შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველას გამზირიდან სანდრო ეულის ქუჩისა და უნივერსიტეტის ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები უნივერსიტეტის ქუჩით, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით დატოვებენ.
კუკიის სასაფლაოს მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება საბჭოს მოედნიდან, ნორიოს აღმართისა და მამარდაშვილს ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები ცაიშის, ქვალონის, აბაშიძის და 9 ძმის ქუჩებით დატოვებენ.
მუხათგვერდის სასაფლაოსკენ ავტომანქანებისთვის მოძრაობა იქნება წრიული – აღმაშენებლის ხეივნიდან გიორგი ბრწყინვალის ქუჩის გავლით.
თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებით ავტომანქანებისთვის მოძრაობა ნებადართული იქნება ხუდადოვისა და ანაპის დივიზიის ქუჩებით, თემქის მხრიდან. სასაფლაოდან წამოსვლა შესაძლებელი იქნება მუხრანის და ხუდადოვის ქუჩებით.
სასაფლაოებთან მიმოსვლისთვის ამავე მარშრუტებით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, რომლით მგზავრობაც, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ორი დღე – კვირასა და ორშაბათს უფასო იქნება.