თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 16 და 17 აპრილს მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
16-17 აპრილს სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები 08:00-დან 20:00-მდე უფასოდ იმოძრავებენ.
გარდა ამისა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 15 აპრილს მეტროს მუშაობა 00:00 საათიდან 16 აპრილის დილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მეტროს სადგურ "დიდუბიდან" გაიყვანს, კუკია-მახათასკენ — ვაგზლისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოზე — მეტროს სადგურ "დელისიდან", თბილისის ზღვის სასაფლაოზე — მეტროს სადგურ "სარაჯიშვილიდან".
ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი ბ. ჭიჭინაძის ქუჩის N25 კორპუსის მიმდებარედ გაჩერდება, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ მეტროს სადგურ "ვარკეთილიდან" და შუამთის ქუჩის ბოლოდან იმოძრავებს.