თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. თბილისში გაიმართა ევროპის ფეხბურთის 19-წლამდელთა ჩემპიონატის კენჭისყრა, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის ივლისში ჩატარდება.
საქართველოს ნაკრებმა, როგორც ქვეყანა მასპინძელმა, А ჯგუფში პირველი ადგილი მიიღო. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, გიორგი ყიფიანის აღსაზრდელების მეტოქეები იქნებიან ჩეხეთი, შვედეთი და პორტუგალია.
В ჯგუფში ითამაშებენ გერმანიის, ინგლისის, ბულგარეთის და ჰოლანდიის გუნდები.
პირველ მატჩს ქართველი ფეხბურთელები პორტუგალიის წინააღმდეგ 2 ივლისს ჩაატარებენ. შემდეგი თამაში შვედი თანატოლების წინააღმდეგ 5 ივლისს შედგება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით თამაშს საქართველოს ნაკრები 8 ივლისს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს.
В ჯგუფის თამაშები 3,6, და 9 ივლისს შედგება.
ნახევარფინალებში, რომლებიც 12 ივლისს გაიმართება, თითოეული ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი გადადის. ტურნირის ფინალური თამაში 15 ივლისს გაიმართება.
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოს ორ ქალაქში — თბილისსა და გორში ჩატარდება.
ამ ასაკობრივი კატეგორიის ევროპის ჩემიონატში საქართველოს ნაკრები თავისი ისტორიის მანძილზე მონაწილეობას მეორედ იღებს. ქართველი ფეხბურთელების დებიუტი 2013 წელს ლიტვაში შედგა. მაშინ, გია ცეცაძის აღსაზრდელებმა ჯგუფში ერთი ქულა დააგროვეს, შეხვედრა საფრანგეთთან ფრედ დაასრულეს (0:0) და სერბეთსა და თურქეთთან წააგეს — 0:1 და 2:4.
19-წლამდელთა ჩემპიონატი 2002 წლიდან ტარდება. ამ ხნის განმავლობაში ყველაზე ხშირად გამარჯვებული ესპანეთი გახდა — 7-ჯერ. ფრანგებმა სამი გამარჯვება მოიპოვეს. მაგრამ ვერც ესპანელებმა, ვერც ფრანგებმა საქართველოს ტურნირზე საკვალიფიკაციო რაუნდი ვერ გადალახეს.