თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ფეხბურთში 19-წლამდელთა (U-19) ევროპის ჩემპიონატის ყველა მონაწილე განსაზღვრულია. ჩემპიონატი საქართველოში 2-15 ივლისს ჩატარდება, იუწყება UEFA-ს (უეფა) ოფიციალური ვებ-გვერდი.
ელიტ-რაუნდის შედეგებით ტურნირზე საგზური მოიპოვეს ჰოლანდიის, ინგლისის, გერმანიის, პორტუგალიის, ბულგარეთის, ჩეხეთისა და შვედეთის ნაკრებებმა. კონტინენტის პირველობის მერვე მონაწილე საქართველო იქნება, რომელმაც ადგილი ევრო-2017-ზე ავტომატურად მიიღო, როგორც მასპინძელმა ქვეყანამ.
ტურნირის მონაწილეები ორ ჯგუფში გადანაწილდებიან — თითოეულში ოთხი გუნდი. თითოეული კვარტეტის ორი საუკეთესო გუნდი ნახევარფინალში გავა. კენჭისყრაზე, რომელიც 13 აპრილს თბილისში გაიმართება, საქართველოს ნაკრები "А" ჯგუფში პირველ პოზიციას დაიკავებს.
საინტერესო ფაქტები ნაკრებების შესახებ
ამ ასაკობრივ კატეგორიაში საქართველო ტურნირის ფინალურ სტადიაზე მეორედ მონაწილეობს. პირველად ქართველი ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატზე ცხრამეტწლამდელთა ასაკობრივ კატეგორიაში 2013 წელს მონაწილეობდნენ.
ინგლისი — ფინალურ სტადიაზე ზედიზედ მეორედ გავიდა. 2016 წლამდე ბრიტანელებმა სამჯერ ვერ შეძლეს ტურნირში მონაწილეობა.
ბულგარეთი — ბორტს მიღმა დატოვა ევროპის U-19 მოქმედი გამარჯვებული საფრანგეთი. ეს ნიშნავს, რომ ზედიზედ მეორედ თასის მოქმედი მფლობელი ტურნირს გამოტოვებს. იგივე მოხდა 2016 წლის გამარჯვებულების — ესპანელების შემთხვევაში.
ჩეხეთი ტურნირზე პირველად გამოვა 2011 წლიდან მოყოლებული, როდესაც ფინალში ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა.
გერმანია — ერთადერთი ნაკრებია ტურნირის ყოფილ გამარჯვებულებს შორის. გერმანიის ნაკრები ევროპის უძლიერესი გუნდი იყო 2008 და 2014 წელს.
ჰოლანდია — ოთხჯერ გავიდა ფინალურ სტადიაზე და გამოსვლა ოთხჯერვე ჯგუფურ სტადიაზე დაასრულა.
პორტუგალია — ფინალურ სტადიაში მონაწილეობას მეათედ მიიღებს. ბოლო ოთხი სეზონიდან სამჯერ გუნდი მინიმუმ ნახევარფინალამდე მივიდა.
შვედეთი — ამ ასაკობრივ კატეგორიაში ფინალური სტადიის ერთადერთი დებიუტანტია.