თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოში დაიწყო ახალი პროექტი "პროფესიული ორიენტაციის გზამკვლევი", რომლის ფარგლებში დაეხმარებიან იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც ჯერ მომავალი პროფესია ვერ შეარჩიეს.
პროექტის ავტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ინიციატივების პლატფორმაა".
პროექტის მთავარი მიზანია, დაეხმარონ მე-11 და მე-12 კლასელებს მომავალი პროფესიის არჩევაში, ან დარწმუნდნენ თავიანთი გადაწყვეტილების სისწორეში, იუწყებიან ორგანიზატორები.
პროექტის მიზანია გააცნოს ახალგაზრდებს პროფესიათა სამყარო, ცალკეული პროფესიის თავისებურებები და ის მოთხოვნები, რომლებსაც იგი უყენებს მომუშავეს. ასევე, წარმოაჩინოს კონკრეტული პროფესიით დასაქმების შესაძლებლობები და დასაბუთებული რეკომენდაციის საშუალებით დაეხმაროს მოსწავლეებს მომავალი პროფესიის სწორად არჩევაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აბიტურიენტებს გააცნობენ სხვადასხვა პროფესიას, დამსაქმებლების მოთხოვნებს. პროექტისთვის ძირითადად შეარჩიეს ის მიმართულებები, რომლებსაც დღესდღეობით ყველაზე მეტი აბიტურიენტი ირჩევს. ესენია: სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, მედიცინა, ეკონომიკა, ფსიქოლოგია, • ჟურნალისტიკა და სხვა.
აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა ამა თუ იმ სფეროში და მუშაობის დიდი გამოცდილება.
სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაუსვან მათ საინტერესო კითხვები, ასევე ეწვიონ ლაბორატორიებს, კვლევით ცენტრებს და სხვა ადგილებს, რომლებიც პრაქტიკული ამოცანებისთვის არის შექმნილი.
ამ პროექტში მონაწილეობისთვის აბიტურიენტებმა უნდა გააგზავნონ სამოტივაციო წერილი და დარეგისტრირდნენ ამ ელექტრონულ მისამართზე.
პროექტის ხანგრძლივობაა 1 თვე. რეგისტრაციის ბოლო თარიღია 16 აპრილი. პროექტში მონაწილეობა უფასოა.