"დარიალი ჰესი" ახალი ტურისტული მიმართულება გახდება

გამოწერა
ბოლო წლების ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური საქართველოში 8 აპრილს გაიხსნა.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დარიალის ჰიდროელექტროსადგურის ტურისტულ მიმართულებათა სიაში შეტანის ინიციტივით გამოვიდა.

როგორც პრემიერმა განაცხადა, ეს არის უნიკალური და ძალიან საინტერესო მიწისქვეშა ნაგებობა, რომელიც რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა უნდა ნახოს. გასულ კვირაში ამუშავებული ჰიდროელექტროსადგური ყაზბეგის რაიონში, დარიალის ხეობაში მდინარე თერგზე მდებარეობს. ახალი ჰესის დადგმული სიმძლავრე 108 მეგავატს შეადგენს, ხოლო ყოველწლიური გამომუშავება — 510 მილიონ კილოვატ/საათს.

დარიალი ჰესი - Sputnik საქართველო
საქართველოში „დარიალი ჰესი“ ამუშავდა

"ბევრ ქვეყანაში არის ასეთი პრაქტიკა, რომ მსგავს მაღალტექნოლოგიურ საინჟინრო ნაგებობებს აჩვენებენ როგორც ტურისტებს, ასევე ახალგაზრდებს, მოსწავლეებს და მინდა ყველამ ნახოს, რამდენად რთული სამუშაო შესრულდა დღეს, ჩვენ თანამედროვე საქართველოში, ჩვენი კომპანიების მონაწილეობით", — განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, "დარიალი ჰესი" აბსოლუტურად უნიკალური ჰიდროელექტროსადგურია, რომელმაც უკვე მოიპოვა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ახალი პროექტების ჩემპიონის ტიტული.

"ეს არის საუკეთესო პროექტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით. 123 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა ევრობანკის და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით და აბსოლუტურად უნიკალური ნაგებობა აშენდა. დამოუკიდებელ საქართველოში ეს არის დასრულებული ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური", — აღნიშნა პრემიერმა.

ენგურჰესი - Sputnik საქართველო
ენგურჰესის კაშხალთან ტურისტულ ცენტრს მოაწყობენ

ხელისუფლების გათვლებით, ჰესის წყალობით ადგილობრივი ბიუჯეტი ყოველწლიურად 2,5 მილიონი ლარით შეივსება. გარდა ამისა, ელექტროენერგიის ყოველწლიური იმპორტი 200 მილიონი კილოვატ/საათით შემცირდება.

ჰესის ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძე 5,5 კილომეტრია, დანარჩენების – 500 მეტრი, 150 მეტრი და ორი 300-მეტრიანი გვირაბი.

დარიალის ჰესის მშენებლობის პროექტი ყაზბეგის რაიონში 200 ჰექტარის ფართობზე ტყის გაშენებას ითვალისწინებს. პროცესი 2021 წელს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0