ლიტვა საქართველოს თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარება

© FB / Минобороны Грузииსაქართველოსა და ლიტვის თავდაცვის მინისტრები
საქართველოსა და ლიტვის თავდაცვის მინისტრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლიტვა და საქართველო ქვეყნის ეროვნული გვარდიის შესაძლებლობების განვითარების საკითხში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველო და ლიტვა სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებენ, აღნიშნულია თბილისში ორი ქვეყნის მინისტრების, ლევან იზორიასა და რაიმუნდას კარობლისის შეხვედრის შედეგების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ლიტვის ეროვნული თავდაცვის მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამწყობრო მოედანზე გუშინ გაიმართა. მოგვიანებით მინისტრებმა იზორიამ და კარობლისმა გამართეს მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში — ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მაღალი თანამდებობის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

იზორიამ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის ისეთ საკითხებში, როგორიცაა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ქვეყნის ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში. თავდაცვის მინისტრმა ასევე მადლობა გამოხატა საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერისთვის საქართველო-ნატოს არსებითი პაკეტის მოთხოვნების შესრულებაში, რომელიც ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციაზეა მიმართული.

გიორგი მრგველაშვილი და დალია გრიბაუსკაიტე - Sputnik საქართველო
საქართველოს და ლიტვის პრეზიდენტები პირისპირ შეხვდნენ

შეხვედრის შემდეგ იზორიამ და კარობლისმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა სამხედრო განათლება, ერთობლივი სწავლებები და წვრთნები, საქართველოს ეროვნული გვარდიის შესაძლებლობების გაზრდა, ასევე ლიტვის მხარდაჭერა თავდაცვის მიმართულებით სწორი რეფორმების განსახორციელებლად.

"ლიტვა სპეციალური ოპერაციების ძალების მაქსიმალური მზადყოფნის დონით გამორჩეულია. მათთან ერთად იმ საუკეთესო ერთობლივი წვრთნების პრაქტიკის გაგრძელების დიდი ინტერესი გვაქვს, რომელიც ჩამოგვიყალიბდა. მომავალშიც წვრთნებში აქტიური მონაწილეობისთვის ჩვენი მხრიდან მზაობას ვაცხადებთ", — განაცხადა იზორიამ კარობლისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, მსჯელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო თავდაცვის ტოტალური კონცეფციის განხორციელება, რომელიც კარგი რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის არსებობას გულისხმობს.

"ამ მიმართულებით ლიტვას საუკეთესო გამოცდილება აქვს. ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივა ეროვნული გვარდიების შესაძლებლობების განვითარებასთან იქნება დაკავშირებული, რათა მათი მხარდაჭერითა და თანადგომით, ნატოს სტანდარტების შესაბამისი რეზერვისა და მობილიზაციის სისტემა ჩამოვაყალიბოთ", — განაცხადა იზორიამ.

ლიტველმა მინისტრმა, თავის მხრივ, საქართველოს ევროკავშირთან 28 მარტს ამოქმედებული უვიზო რეჟიმი მიულოცა. მან ასევე აღნიშნა სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა.

"გაგრძელდება თანამშრომლობა განათლების სფეროში, რომელიც სამხედრო აკადემიასა და ბალტიის თავდაცვის კოლეჯში გაცვლით პროგრამებს ითვალისწინებს. სპეციალური ოპერაციების ძალები კი თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულება იქნება. მინდა, მინისტრი მივიწვიო "Flaming Sword 2017" სწავლებაზე. იმედი მაქვს, რომ საქართველოც მიიღებს მონაწილეობას ერთობლივ წვრთნებში", — განაცხადა კარობლისმა.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
ნატოს გენერალური მდივანი მაისში საქართველოს ეწვევა

მან აღნიშნა, რომ საქართველო და ლიტვა, ტრადიციულად, ორმხრივ ფორმატში კარგად თანამშრომლობენ.

"არის ერთი საკითხი, რაც საერთოა ჩვენი ქვეყნებისთვის — ეს არის საერთო საფრთხეები. თანამშრომლობა ამ მიმართულებითაც საჭიროა და შეკავების პოლიტიკაც აქტუალური. თანამშრომლობას გავაგრძელებთ საერთაშორისო მისიების ფარგლებშიც", — განაცხადა კარობლისმა.

ლიტვის თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ერთდღიანი იყო. ლიტვის დელეგაციამ უკვე დატოვა ქვეყანა.

ყველა ახალი ამბავი
0