თბილისი, 30 მარტი — Sputnik. საქართველოს მხარდაჭერა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, აქტიური მონაწილეობა და ქვეყნის მხარდაჭერა ვიზალიბერალიზაციის პროცესში — ეს იმ საკითხების არასრული სიაა, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავის ლიტველ კოლეგასთან დალია გრიბაუსკაიტესთან განიხილა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიტვაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ხუთშაბათს გაემგზავრა, სადაც პრეზიდენტი მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. მარგველაშვილის მისალმების ოფიციალური ცერემონია ვილნიუსში ლიტვის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
საქართველოს ყოველთვის გრძნობს ლიტვის მხარდაჭერას
"საქართველო ყოველდღიურად გრძნობს ლიტვის ხელისუფლების და ლიტველი ხალხის თანადგომას. დღევანდელი ვიზიტიც სწორედ ამ განსაკუთრებული მეგობრობის მაგალითია", — განაცხადა მარგველაშვილმა გრიბაუსკაიტესთან პირისპირ შეხვედრისას, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ლიტვა — საქართველოს შორის ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის განვითარებისა და მრავალმხრივი ურთიერთობის გაღრმავების შესახებ და ასევე, შავი და ბალტიის ზღვის რეგიონების ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობაზე.
შეხვედრისას საუბარი ნატო-საქართველოს ურთიერთობებს და ნატოს მომავალ სამიტს შეეხო, რომელსაც მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნები დაესწრებიან.
მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდამჭერების მეშვეობით საქართველოს საკითხს შესაბამისი ყურადღება მიექცეს.
მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება ნატო-ს საქმიანობის გაფართოებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე და განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში.
ლიტვა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას მხარს უჭერს
თავის მხრივ, ლიტვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპაში უვიზო შესვლის საშუალება — მთელი საქართველოს მიღწევა და ხანგრძლივი და თანმიმდევრული სამუშაოს შედეგია, იუწყება Sputnik Литва.
"საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში ლიდერად მიიჩნევა", — ციტირებს გრიბაუსკაიტეს სიტყვებს პრეს-სამსახური.
რეფორმების პროგრეს საერთაშორისო რეიტინგებიც აფიქსირებს: შარშან ბიზნესის კეთების პირობებით საქართველომ მე-16 ადგილი მოიპოვა, ხოლო კორუფციის ინდექსით 44-ე ადგილზეა.
"ლიტვა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას მხარს უჭერს და დახმარებისთვის მზად არის", — აღნიშნა გრიბაუსკაიტემ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი წარმატებების მიუხედავად, საჭიროა ტემპის შენარჩუნება და ხალხისა და სახელმწიფოს კეთილდღეობისათვის მნიშვნელოვანი საქმის გაგრძელება — სასამართლო სისტემისა და პროკურატურის რეფორმის რეალიზება, სახელმწიფო სამსახურის დეპოლიტიზაციის გაგრძელება, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საჭირო ზომების მიღება.
ლიტვის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მასმედიის თავისუფლება და პლურალიზმი დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს.
"საქართველო ლიტვას ახლო პარტნიორია", — ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ორ ქვეყანას დიდი ხანია აკავშირებს ძლიერი მეგობრობა, თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოების შექმნისა და ერთმანეთის უკეთ გაცნობის სურვილი.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლობის ორმხრივი პოტენციალი სრულად არ გამოიყენება, სამხრეთ კავკასიის რეგიონში საქართველო ლიტვის ძირითად ეკონომიკურ პარტნიორია.
სულ უფრო მეტი ლიტველი ტურისტი ეცნობა საქართველოს.
წარმატებით მიმდინარეობს სტუდენტური გაცვლები. ლიტვური ენა ისწავლება საქართველოში და ქართული — ლიტვის უნივერსიტეტებში. თანამშრომლობენ ორი ქვეყნის ბიზნესმენები, ექიმები, ენერგეტიკოსები.
2004 წლიდან ლიტვამ და საქართველომ 170 ერთობლივი პროექტი განახორციელა სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცების და რეგიონალური განვითარების კუთხით. ლიტვა იღებს მონაწილეობას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში და ნატოს მხარდაჭერის ფონდს ხელმძღვანელობს, რომელიც ტერიტორიების ნაღმებისგან წმენდაზე ორიენტირებული. ასზე მეტმა ქართველმა ოფიცერმა განათლება ლიტვაში მიიღო.
ლიტვის პრეზიდენტის თქმით, ლიტვურ-ქართული მეგობრობის სიმბოლოა ვილნიუსში თბილისის სკვერი და საქართველოს დედაქალაქში ვილნიუსის მოედანი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ჩანაწერების წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.
მარგველაშვილს ლიტვაში ვიზიტის ვრცელი პროგრამა აქვს
ვილნიუსში ვიზიტის ფარგლებში მარგველაშვილი ლიტვის პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნელისს შეხვდა. მხარეებმა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების და განვითრების საკითხები განიხილეს.
მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია ლიტვური ინვესტიციების მოზიდვით და ორი ქვეყნის ბიზნეს-სექტორების ურთიერთობების გაძლიერებით.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც სათავეში პრეზიდენტი უდგას, შედიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის მდივანი საგარეო საკითხებში თენგიზ ფხალაძე, ლიტვაში საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე, ასევე ოპოზიციონერი დეპუტატები.
პრეზიდენტს პოლიტიკოსების გარდა საქართველოს მოქალაქეები ახლავს — აფხაზი და ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები და ლიახვის ხეობიდან დევნილი პირი. ისინი საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის ოფიციალურ და კულტურულ ნაწილში მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველომ და ლიტვამ დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 16 სექტემბერს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის სფეროში.
უვიზოდ ვილნიუსში
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველად ესტუმრება ლიტვას საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის მეშვეობით, რომლითაც ქვეყნის მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებში უვიზოდ წასვლა შეუძლიათ.
საქართველოს პრეზიდენტის ლიტვაში ვიზიტის წინა დღეს ვილნიუსის მერმა რემიგიუს შიმაშიუსი და ლიტვის მთავრობის წარმომადგენლები საზეიმოდ დახვდნენ საქართველოდან ჩამოფრენილი ავიარეისის მგზავრებს, რომლებიც ევროკავშირში, ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში უვიზოდ პირველად ჩავიდნენ, იუწყება Sputnik Литва.
გარდა ამისა, ლიტვის დედაქალაქში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს, აეროპორტთან ახლოს სარეკლამო ბანერებით დახვდნენ, რომლებზეც ინგლისურ და ქართულ ენაზე ეწერა "ახლოს, ვიდრე ოდესმე" — ბანერის ფოტო საკუთარ Facebook-გვერდზე ვილნიუსის მერმა რემიგიუს შიმაშიუსმა გამოაქვეყნა.
ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი 28 მარტს აამოქმედა. საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტებით (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ჩასვლა უვიზოდ შეუძლიათ. ვიზა საჭირო არ არის ტურისტული, საქმიანი და სტუმრის სტატუსით ვიზიტის დროს.
უვიზო რეჟიმი არ აძლევს საქართველოს მოქალაქეს ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობის საშუალებას, ხოლო თუ ის სასწავლებლად მიემგზავრება, რომლის ვადა სამ თვეს აღემატება, მან შესაბამისი ქვეყნის საელჩოსა ან საკონსულოს უნდა მიმართოს.