თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თბილისში ჩამოსვლას ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში მიმდინარე წლის მაისში გეგმავს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა საქართველო-ნატოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის გახსნაზე.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია თბილისში 26-29 მაისს ჩატარდება. ამგვარად, საქართველო რიგით მეხუთე ქვეყანა გახდება, რომელიც ალიანსის წევრი არ არის და სადაც ასამბლეა გაიმართება.
"ჩვენთვის დიდი პატივია, რომ 26-29 მაისს საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ტარდება და ამავე ღონისძიებაზე ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი იგეგმება", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ორდღიანი ფორუმი თბილისში ორშაბათს გაიხსნა. სპეციალურად ამ ღონისძიებაზე ჩამოვიდა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში ტაკან ილდემი. ფორუმში მონაწილეობენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.