თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველოს საქმიანი ტურიზმის განვითარების კარგი პერსპექტივები გააჩნია, განაცხადა „Sputnik- საქართველოსთან" ექსპერტმა ტურიზმის საკითხებში ნიკო კვარაცხელიამ.
„ეს არის ტურიზმის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელშიც მაღალი კლასის სასტუმროები მონაწილეობს. აქ დანახარჯი მეტია და ქვეყანას პროცენტულად ყველაზე მაღალი შემოსავალი რჩება", — აღნიშნა ნიკო კვარაცხელიამ.
ექსპერტის თქმით, ადამიანი როდესაც თავისი ხარჯებით მოგზაურობს, ყოველთვის ცდილობს რაც შეიძლება ნაკლები თანხა დახარჯოს, მაგრამ მივლინების შემთხვევაში ითვლება, რომ ის კარგ პირობებში უნდა ცხოვრობდეს. მაგალითად, როცა ქვეყანაში კონფერენცია ტარდება, მისი მონაწილეები აუცილებლად მაღალი კლასის სასტუმროებში უნდა იყვნენ განთავსებული.
„საქმიანი ტურიზმი ამ დარგის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სახეობაა. შედარებისთვის, თუ ტურისტის დანახარჯი საშუალოდ დღეში 80-დან 150 აშშ დოლარამდეა, საქმიანი ტურიზმის შემთხვევაში დღიური დანახარჯი ერთ ადამიანზე 350-დან 450 აშშ დოლარამდე შეადგენს", — განაცხადა ნიკო კვარაცხელიამ.
ექსპერტის აზრით, შეხვედრებისა და კონფერენციების გარდა, საქართველოსთვის საქმიანი ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი მოდის კვირეულია. თუმცა, სხვადასხვა მოდის კვირეულისგან ფინანსურ შემოსავალზე მეტად, ქვეყნის პოპოლარიზაციას უნდა ველოდოთ.
„Tbilisi Fashion Week-ის მეთხუთმეტე სეზონი, რომელზეც 2017 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის ქართველი და უცხოელი დიზაინერების კოლექციები იქნება წარმოდგენილი, ძალიან პოზიტიური მოვლენაა, თუმცა, ეკონომიკური თვალსაზრისით, მას ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ვერ განვიხილავთ. აქ ფული იმდენად დასათვლელი არაა, რამდენადაც მისი ღირებულება ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში", — მიაჩნია ექსპერტს.
Tbilisi Fashion Week-ი 19-23 აპრილს გაიმართება. სტუმრებისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თბილისში საექსურსიო ტურს მოაწყობს. მოდის კვირეულზე ისეთი ბრენდების ბაიერებს ელოდებიან, როგორებიცაა Harvey Nichols (ჰონგ-კონგი), Rijoux Store (ტელ-ავივი, ისრაელი), Concept Store PORTA 9 (რუსეთი), Al Duca D"acosta (ვენეცია), Joseph Store (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) და სხვები. სწორედ ისინი გააცნობენ სამყაროს ქართული მოდის სიახლეებს.
თბილისის მოდის კვირეულის მე-15 სეზონს გააშუქებენ ისეთი ცნობილი გამოცემები, როგორებიცაა VOGUE (იტალია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი), Elle (რუსეთი, უკრაინა), Harper's BAZAAR (აშშ), Marie Claire (საფრანგეთი, მონაკო), OFFICIEL (უკრაინა) და სხვები.
გარდა ამისა, წელს Tbilisi Fashion Week-ზე ახალი პროექტი TALK-ი დაიწყება, რომელიც ქართულ სარეკლამო ონლაინ-გამოცემა Marketer.ge-სთან თანამშრომლობით ჩატარდება. ამ პროექტის ფარგლებში 20 აპრილს თემაზე "ბრენდინგი და კომუნიკაციები" დისკუსიას ჩაატარებენ მარანგონის ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტები, რომელიც მოდისა და დიზაინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სკოლაა.