ენერგეტიკის სამინისტრო სენაკში ბუნებრივ აირზე ტარიფების გაძვირებით შეშფოთებულია

© Stat.darkბუნებრივი აირი
ბუნებრივი აირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ბუნებრივ აირზე ყველა მომხმარებლისთვის ტარიფების დაწესების სრული სახელმწიფო რეგულირების აუცილებლობაზე გააკეთა განცხადება.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო სენაკში ბუნებრივ აირზე ტარიფების გაძვირების კატეგორიულად წინააღმდეგია.

გაზგამანაწილებელმა კომპანია "გასკო პლიუსმა" სენაკში მოსახლეობისთვის 1 კუბური მეტრის ბუნებრივი აირის საფასური 68 თეთრამდე გაზარდა. ამან ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.

„ენერგეტიკის სამინისტრო სრულად იზიარებს მოსახლეობის განწყობას და შეშფოთებას იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც გაზგამანაწილებელი კომპანია "გასკო პლუსის" მიერ იქნა მიღებული — სენაკის მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი აირის ტარიფი 68 თეთრამდე გაეზარდა“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ეს ყველაზე მაღალი ტარიფია მთელ საქართველოში, აღნიშნეს ენერგეტიკის სამინისტროში.

 „ეს არის მინიმუმ უსამართლო გადაწყვეტილება, ვინაიდან სახელმწიფო მთელი ამ წლების განმავლობაში და დღესაც მთელი მოსახლეობისთვის ინარჩუნებს სოციალურ ფასს“, — ნათქვამია განცხადებაში. 

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: საქართველო 2017 წელს "გაზპრომისგან" ბუნებრივ აირს არ შეიძენს

სამინისტროში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უწყება უკვე ამ საკითხზე უკვე მუშაობს.

 „მიზანშეწონილად მიგვაჩნია ნაწილობრივი დერეგულირების პრაქტიკის გაუქმება და შესაბამისად, მოსახლეობისთვის ტარიფის დადგენა მარეგულირებელი კომისიის მიერ. ეს გადაწყვეტილება მომავალში გამორიცხავს მსგავს უსამართლო და მოსახლეობისთვის მოულოდნელ გადაწყვეტილებებს“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამ საკითხზე კომენტარი ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემაც გააკეთა.

 „ეს კატეგორიულად მიუღებელია. ყველაზე მაღალი ფასია საქართველოში“, — განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, რომ ბუნებრივი აირზე არსებული ტარიფები შეინარჩუნოს.

 „აქ გამოდის ვიღაც გაქსუებული კომპანიის ხელმძღვანელი, მენეჯერი და იღებს ამ გადაწყვეტილებებს. ეს ჩვენ გვაძლევს იმის საბაბს, რომ ნაწილობრივ დერეგულირება, რაც დღეს კანონმდებლობითაა განსაზღვრული, გავაუქმოთ და მარეგულირებელმა კომისიამ ერთიანად დაადგინოს ტარიფები მოსახლეობაზე, რომელიც იქნება თანაბარი და ყველასთვის ერთი“, — განაცხადა კალაძემ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკი) „Sputnik-საქართველოს“ განუმარტეს, რომ ბუნებრივ აირზე ტარიფები საქართველოში ორი პრინციპით დგინდება — სექტორების მიხედვით. 

გაზქურა - Sputnik საქართველო
ტარიფები ბუნებრივ აირზე გადაიხედება

 „არსებობს რეგულირებადი და დერეგულირებადი სექტორები. არსებობს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის №69 ბრძანება, სადაც შემდეგი რამ არის მითითებული: რეგიონებში მომხმარებლები, რომლებმაც  ბუნებრივი აირი საკუთარ სახლებში 2007 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შეიყვანეს, ხოლო თბილისში — 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ, დერეგულირებად სექტორს განეკუთვნებიან. ყველა დანარჩენი, ძველი მომხმარებელი — რეგულირებად სექტორს განეკუთვნება“, — განმარტა კომისიის წარმომადგენელმა ქეთი ბერიკაშვილმა.

უწყებას არ გააჩნია სტატისტიკური მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რამდენი მომხმარებელი განეკუთვნება რეგულირებად სექტორს, და რამდენი — დერეგულირებადს, აღნიშნა მან.

 „რეგულირებად სექტორში ფასებს ჩვენ (კომისია) ვადგენთ. დერეგულირებადი სექტორის შემთხვევაში ტარიფებს ჩვენ არ ვადგენთ, ისინი ბაზრის, მომწოდებლისა და მომხმარებლის კონტრაქტის და სხვა პირობების შესაბამისად განისაზღვრება. „გასკო პლუსი“ სწორედ დერეგულირებად ნაწილს განეკუთვნება. მინისტრის ინიციატივა უკავშირდება იმას, რომ ეს დერეგულირებადი სეგმენტი გაუქმდეს, და მთელი ქვეყნის მასშტაბით ფასების დადგენა ერთპიროვნულად კომისიის პრეროგატივა გახდეს“, — განაცხადა ბერიკაშვილმა.

ამ დროისათვის თბილისში ბუნებრივი აირის საფასური 1 მ/კუბ. 45,62 თეთრია, ხოლო რეგიონებში 40-დან 50 თეთრამდე.


ყველა ახალი ამბავი
0