ალიონა საველიევა დამწყები ჟურნალისტია. ოთხი წლის წინ პირველად იყო საქართველოში და ამ ქვეყანამ მასზე მართლაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ახლა Sputnik-ის მოსკოველი კორესპონდენტია და რეგულარულად ჩამოდის საქართველოში, რათა მასზე პუბლიკაცია დაწეროს.
მეგობარი მეგი და ბათუმი
ყველაფერი 2013 წლის იანვრის ცივ საღამოს დაიწყო. მე და ჩემი მეგობარი მეგი ერთ მოსკოვურ კაფეში ვისხედით და სტუდენტურ პრობლემებზე "მოვთქვამდით": სესიებზე, თავისუფალი დროის არქონაზე, სამსახურის ძებნაზე…
და უცბად მეგიმ მრავალმნიშვნელოვნად მითხრა: ნუ ნაღვლობ, ზამთარი გაივლის, ზაფხულში ბათუმში წავალთ და ყველაფერი მოგვარდებაო. მერე კი რამდენიმე საათის განმავლობაში მიყვებოდა ისტორიებს მშობლიურ ქალაქში ბოლო მოგზაურობაზე და სურათებს მათვალიერებინებდა.
მანამდე საქართველოზე პრაქტიკულად არაფერი ვიცოდი. ჩემი ასოციაციები ამ ქვეყანასთან დაკავშირებით ღვინით, ხაჭაპურით, ცეკვა-სიმღერითა და ზღვარგადასული სტუმართმოყვარეობით ამოიწურებოდა.
აი მეგი კი, რომელიც რუსეთში გაიზარდა, სკოლაცა და ინსტიტუტიც იქვე დაამთავრა, ყოველ ზაფხულს სტუმრობდა ბებიასა და ბაბუას ბათუმში — გული გამუდმებით იქით მიუწევდა. სიმართლე გითხრათ, მისი არ მესმოდა… არ მესმოდა მანამ, სანამ საკუთარი თვალით არ ვიხილე მარადი გაზაფხულის ქვეყანა.
თბილისიდან ბათუმში სამარშრუტო ტაქსით ჩავედით. ნაცრისფერი ავტოსადგურის დანახვაზე ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს რუსეთის საზღვრებს კი არ გავცდი, უბრალოდ მოსკოვიდან ჩრდილოთ კავკასიაში ჩავედი. მაგრამ ეს დაღლილი და მშიერი მოგზაურის პირველი შთაბეჭდილება იყო.
მეორე დღეს ბათუმი სულ სხვა თვალით დავინახე: ეს ევროპული არქიტექტურისა და ქართული კოლორიტით სავსე ქალაქი იყო, რომლის ცენტრშიც პატარა იტალიის ნახვაც შეიძლებოდა და სანაპიროზე ბერძნული აკროპოლისისაც, "რედისონისა" თუ "შერატონის" თანამედროვე ოტელებისაც და მოცეკვავე ფანტანებისაც.
თუმცა ამ ყველაფრის გვერდით საბჭოთა პერიოდში აგებული საცხოვრებელი კორპუსებიც ვნახე, აივნებზე გაფენილი სარეცხითა და ეზოებში ყაყანით. კონტრასტმა გამაოგნა. და არა მხოლოდ არქიტექტურაში, არამედ ადამიანებშიც.
ბათუმში დღისით მანქანით ვსეირნობდით, ბავშვებს ვეთამაშებოდით, უსახლკარო ძაღლებს ვაპურებდით, საღამოობით კი იგივე კომპანიასთან ერთად მოდურ ბარში ვიჯექი და სალონური ბაასით ვიქცევდით თავს.
მე ეს ძალიან მომწონდა — ქართველების უბრალოება და გულისხმიერება. შესანიშნავად, კულტურულად ვისვენებდი ამ გარემოში.
პირველი, რამაც მიმიზიდა — ეს ადამიანები და ქალაქის არქიტექტურა იყო. ქართული სამზარეულო, ღვინო თუ ჭაჭა მერეღა დავაგემოვნე…
ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც კვლავაც მიღირდა ამ ქვეყანაში დაბრუნება, ეს მისი გასაოცარი სილამაზის ბუნება და მდიდარი ისტორია იყო: ბოტანიკური ბაღი თუ სარფის მცირე კლდეებით შემოსაზღვრული ველური პლაჟები, გონიოს ციხესიმაგრე, სადაც ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული, მათატა გახლავთ დაკრძალული, თუ მეფე თამარის ჩანჩქერი მახუნცეთში…
სადღეგრძელო — სახალხო დიპლომატიის საუკეთესო მეთოდი
საქართველოში ორი წლის შემდეგღა დავბრუნდი და თან მოსკოველი მეგობარი გოგო ვიახლე. მეც და მეგისაც გვინდოდა, მასაც აღმოეჩინა ეს ულამაზესი ქვეყანა. ახლა ტურისტი აღარ მერქვა, ახლა უკვე სანუკვარი სტუმარი ვიყავი.
ერთ დღეს ქართულ დაბადების დღეზე მიგვიწვიეს და გრძელი, გულში ჩამწვდომი სადღეგრძელოების თქმა ვისწავლე. ფეხბურთზეც ვიყავით და მატჩის მსვლელობისას გავარკვიეთ, რომ თითქმის ყოველი მეორე ქართველი ფეხბურთელია. ნუ, თუ ფეხბურთელი არა, მაშინ აუცილებლად რაგბისტი.
ჰო, კიდევ ის გავიგეთ, რომ საქართველოში მანქანის ტარება — ეს გადაადგილება კი არ არის, არამედ ექსტრემალური სპორტის სახეობა…
მოკლედ, ამ მეორე ჩამოსვლაზე კიდევ ბევრი ახალი გავიგე, მაგრამ მთავარი ეს კი არ იყო, არამედ სულ სხვა.
მაშინ სტუდენტი ვიყავი, ერთი წელიწადში მრჩებოდა პოლიტიკური ჟურნალისტის დიპლომის აღებამდე. არჩეული პროფესიიდან გამომდინარე, რაღა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია. რაღა დაგიმალოთ, ძალიან დიდ უსამართლობად მეჩვენებოდა ის ფაქტი, რომ რუსეთის მოქალაქეებს სრულიად თავისუფლად და მშვიდად შეეძლოთ საქართველოში ჩამოსვლა, სადაც ნებისმიერ სუფრაზე სასურველ სტუმრებად გრძნობდნენ თავს, ხოლო ქართველებს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსასვლელად სამუშაო ვიზა ესაჭიროებოდათ.
ჰოდა, ერთ საღამოსაც, როცა სუფრას ვუსხედით და ჩემმა ქართველმა მეგობარმა რუსი ახლობლების სადღეგრძელო ასწია, თავი ვეღარ შევიკავე და საზეიმო სიტყვა "დავარტყი". ახლა აღარ მახსოვს, ზუსტად რა ვთქვი, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ პირობა დავდე, როგორც მომავალი ჟურნალისტი, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ცოტათი მაინც დათბეს, თუნდაც საინფორმაციო სივრცეში-მეთქი…
არ დაგიმალავთ: ხალხითა და ქვეყნით აღტაცების გარდა ჩემს მოგზაურობას სასიყვარულო ისტორიაც გასდევდა ხაზად. სწორედ ამ კუთხით გადავაწყდი პირველ იმედგაცრუებას.
კი ვიცოდი, რომ ქართველი კაცები ჭარბვნებიანი და, როგორც თავად ამბობენ, ქალის სილამაზის დამფასებლები არიან, მაგრამ, როგორ გინდა არ ენდო კაცს, რომელიც ასეთ საოცარ კომპლიმენტებს გიკეთებს?
სწორედ სასიყვარულო ისტორია გახდა ერთი თვის შემდეგ საქართველოში მორიგი ჩამოსვლის მიზეზი. მომენტის დრამატიზმით თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ გეტყვით, რომ ბიჭს, რომლის გამოც ჩამოვედი, შეყვარებული ჰყოლია და ჩვენი რომანიც დასრულდა.
ჩემი თანამგზავრი საქართველო
თუმცა სიყვარულის გამო გულგატეხილობა ბოლო არ აღმოჩნდა. რაღაც დროის შემდეგ, გარკვეული მიზეზებით, მეგისთან ურთიერთობაც გავწყვიტე. მაშინ ვთქვი, რომ აღარსდროს ჩამოვიდოდი საქართველოში, მით უმეტეს, რომ იქ აღარავინ მელოდა.
ახლა ვხვდები, რომ ეს სულელური გადაწყვეტილება იყო, რადგან რამდენიმე ადამიანზე განაწყენება მთელ ქვეყანაზე არ უნდა ისახებოდეს. ახლა ვხვდები, მაშინ კი ძალიან ნაწყენი ვიყავი.
რაღა თქმა უნდა, საქართველოს ისევ შევხვდი, უკვე სამსახურებრივად. უნივერსიტეტში თან დიპლომს ვწერდი და თან სამსახურს ვეძებდი. რადიოში მინდოდა თავი მეცადა. ერთ დღესაც სტუდენტურ ფოსტაზე წერილი მომივიდა, საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ში შეხვედრა-ექსკურსიაზე მისვლას მთავაზობდნენ, სადაც მსურველებს პრაქტიკის ან სტაჟირების გავლა შეეძლოთ.
მეც წავედი. რედაქციაში მკითხეს, რომელი ქვეყნის შესახებ ისურვებდით წერასო და ავტომატურად ვუპასუხე, საქართველოსი-მეთქი. როგორც ჩანს, ეს გადამწყვეტი ფაქტორი გამოდგა — რედაქციას ამ რეგიონის კორესპონდენტი არ ჰყავდა.
მერე იყო ზარი თბილისში და იქაური რედაქციის გაცნობა, პირველი სტატიები და სტაჟირება, მოსკოვის ქართულ დიასპორასთან შეხვედრები და სხვადასხვა ღონისძიებაზე დაპატიჟება… და დროთა განმავლობაში ძველი წყენა შეუმჩნევლად გაქრა — უამრავი კარგი ქართველი ნაცნობ-მეგობარი შევიძინე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსეთშიც.
მერე ერთ დღესაც ის სადღეგრძელო გამახსენდა, საქართველოში რომ წარმოვთქვი სუფრასთან… და მივხვდი, რომ უკვე ერთი წელია, ვცდილობ მაშინდელი დანაპირების შესრულებას, თანაც ისე, რომ ვერც კი ვამჩნევ.
საქართველოში კიდევ რამდენჯერმე მომიწია ჩამოსვლამ: ბაკურიანში თხილამურებით ვისრიალე, ქუთაისში იმერული ხაჭაპური მივირთვი, სიღნაღში ნამდვილი "ალაზნის ველი" დავლიე… და ბათუმელ მეგობარ მეგისაც ვესტუმრე, რომელთანაც უკვე შერიგებული ვიყავი.
წელიწადნახევრის შემდეგ ის ბიჭიც ვნახე, სიყვარულში რომ არ გამიმართლა. ახლა ჩვენ დიდი მეგობრები ვართ და ღიმილით ვიხსენებთ ძველ ამბავს.
ხანდახან ვფიქრობ, რა დიდებული იქნებოდა, რომ საქართველოში პაწაწა სახლი მეყიდა… უფრო სწორად, სამი სახლი: ზღვასთან, მთაში და თბილისში.