ამერიკელი ფოტოგრაფის ქეიფი ქართველ მინისტრთან და თუშეთის თავისუფლებით გაჯერებული მიწა

© FB/ Dima Gombergფოტოგრაფი ნიუ-იორკიდან, რუსი ემიგრანტი დიმა გომბერგი
ფოტოგრაფი ნიუ-იორკიდან, რუსი ემიგრანტი დიმა გომბერგი - Sputnik საქართველო
გამოწერა

Sputnik-საქართველოს რუბრიკა "უცხოელის თვალით დანახული საქართველო" ნიუ-იორკელ ფოტოგრაფ დიმა გომბერგს წარმოგიდგენთ, რომლისთვისაც თუშეთი მშობლიურ მხარედ იქცა და ახლა ფოტოწიგნს ამზადებს მის შესახებ.

უცნაური კავშირი

ახალგაზრდობიდან მინდოდა საქართველოში მოხვედრა, იმ პერიოდიდან, რუსეთში რომ ვცხოვრობდი. ყოველთვის მაინტერესებდა ეს ქვეყანა, მისი კულტურა. სხვათა შორის, ამაში დიდი როლი საბჭოთა ფილმებმა ითამაშა. ახლა ვერ ვიხსენებ, რომლები, მაგრამ დიდი ხნის წინ ქართველი მწერლების წიგნებიც მაქვს წაკითხული.

ჩემი მშობლები საქართველოში ნამყოფები იყვნენ — იმ პერიოდში ის პრესტიჟულ კურორტად მიიჩნეოდა — და ბევრ რამეს მიყვებოდნენ აქაურ ბუნებასა და ადამიანებს საოცრად თბილ ფერებში მიხატავდნენ…

მერე მოსკოვიდან ნიუ-იორკში გადავედი საცხოვრებლად. ყოველ საღამოს ვხედავდი მეზობელი ბინის ფანჯრიდან გამომავალ უცნაურ წითელ შუქს — თითქოს ფარაჯანოვის ფილმს ვუყურებდი, იმას ჰგავდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ იმ ბინაში ქართველები ცხოვრობდნენ.

ერთხელ ფანჯრიდან ქუჩაში გავიხედე და ამ დროს იმ ბინის ფანჯრიდანაც გამოყო ვიღაცამ თავი. ერთმანეთს გამოველაპარაკეთ და… მაშინვე სტუმრად დამპატიჟა. ქართველი, სადაც უნდა იყოს, უცხო ქვეყანაშიც კი, მაინც სტუმართმოყვარე მასპინძლად რჩება.

აი, ასე მოულოდნელად და ჩემთვის აუხსნელი გზებით იქცა საქართველო ჩემი ცხოვრების პატარა ნაწილად.

© FB/ Dima Gombergქალი მაღაზიაში
ქალი მაღაზიაში - Sputnik საქართველო
ქალი მაღაზიაში

ქეიფი ქართველ მინისტრთან ერთად

მოკლედ, უცხო კონტინენტზე, მრავალმილიონიან ქალაქში შემთხვევითი ნაცნობობა ნამდვილ მეგობრობად იქცა. მერე სხვა ქართული ოჯახებიც გავიცანი. ყველა მათგანს საინტერესო და მრავალფეროვანი ისტორია, სხვადასხვა გარემოება ჰქონდა, უცვლელი იყო მხოლოდ ერთი რამ: ყველა საქართველოში მეპატიჟებოდა.

ჰოდა, ერთხელაც მოწვევა მივიღე და თბილისში ჩამოვფრინდი.

მეგობრები აეროპორტში დამხვდნენ და თბილისის ცენტრში მდებარე ნამდვილ თავადურ სასახლეში წამიყვანეს. ეს ძალიან ძველი, თითქოს დრომოჭმული შენობა იყო, მაგრამ სწორედ ეს სძენდა მას ხიბლსა და მიმზიდველობას. ძალიან მომეწონა.

© FB/ Dima Gombergმწყემსების ვახშამი
მწყემსების ვახშამი - Sputnik საქართველო
მწყემსების ვახშამი

იმ დღეს მასპინძელ ოჯახში დიდი მხიარულება იყო — ერთ-ერთ ქალიშვილს ვაჟი შესძენოდა. ბევრი სტუმარი მიეწვიათ, დიდი სუფრა გაეშალათ, იყო ქეიფი და ისმოდა ღრმააზროვანი, შინაარსიანი სადღეგრძელოები. მოკლედ, ტიპიური ქართული ატმოსფერო სუფევდა.

შუა ქეიფის დროს რამდენიმე მამაკაცთან ერთად მოსაწევად სადარბაზოში გავედი, მოხატულ ჭერიან და კედლებიან ფართო დერეფანში მოსაწევი კუთხე მოეწყოთ. დავსხედით, უშუალოდ მუსაიფი გავაბით, თან ვისკის ვსვამდით. ჩემს გვერდით ერთი თავაზიანი, თბილი და ხალისიანი კაცი იჯდა, რომ იტყვიან, კომპანიის სული და გული. მოგვიანებით გავიგე, რომ საქართველოს მაშინდელი კულტურის მინისტრი ყოფილა. გავოგნდი. აი იმ მომენტიდან ჩამესახა უძლიერესი სიყვარული საქართველოს მიმართ. ღმერთო, რა საოცარი სტუმარმასპინძლობა სცოდნია ამ ხალხს?!

© FB/ Dima Gombergბავშვები სოფლის გზაზე თამაშობენ
ბავშვები სოფლის გზაზე თამაშობენ - Sputnik საქართველო
ბავშვები სოფლის გზაზე თამაშობენ

მშობლიური თუშეთი

საქართველოში მოგზაურობისას თუშეთში მოვხვდი. იქაურობის თვითმყოფადობით იმდენად მოვიხიბლე, რომ დარჩენა გადავწყვიტე და თითქმის ხუთი წელი ვიცხოვრე თუშეთში. მეცხვარეების მსგავსად, მეც მხოლოდ ზამთრობით ვტოვებდი მთებს — ამ დროს იქ მკაცრი ამინდები იცის.

ახლა თუშეთის შესახებ ფოტოწიგნს ვამზადებ გამოსაცემად, მაგრამ ალბათ ერთი წიგნი არ მეყოფა იმ ემოციების აღსაწერად და გადმოსაცემად, რაც ამ იდუმალი ადგილებით სავსე მხარეში განმიცდია. რა ჰაერი! რა ბუნება! მიწის თითოეული გოჯი თავისუფლებით სუნთქავს… ცხენზე ავმხედრდებოდი და უკანმოუხედავად მივქროდი საითაც მინდოდა…

ჰო, წიგნის შინაარსი უნდა შევცვალო და ჩემი მეგობრის, არაჩვეულებრივი ადამიანის ვაჟა ქააძის ხსოვნას მივუძღვნა, რომელსაც თუშეთში ყველა იცნობდა და პატივს სცემდა. სწორედ მისი წყალობით ვგრძნობდი თავს იქ უსაფრთხოდ. სამწუხაროდ, დაიღუპა…

© FB/ Dima Gombergქართული პური
ქართული პური - Sputnik საქართველო
ქართული პური

მთავარი საჩუქარი

უკლებლივ ყველა ქართველი მეგობარი ცდილობდა, რომ დავექორწინებინე. გამუდმებით მეკითხებოდნენ, რას შვრები, ცოლი როდის მოგყავსო და ხან ვის მირიგებდნენ და ხანაც — ვის: აი, ერთი კარგი გოგო არის, მზითევში ცხვრის ფარას გამოაყოლებენო… მეცინებოდა, მე ხომ ცოლის მოყვანას სიყვარულით ვაპირებდი.

ჰოდა, ბედმა ისე ინება, რომ მეორე ნახევარს სწორედ საქართველოში შევხვდი. ერთ თბილ და მზიან დღეს ქუჩაში მივდიოდი და უცნობი გოგონა დავინახე. მაშინვე მივხვდი, რომ ის ჩემთვის ახლო ადამიანი გახდებოდა. არც მიყოყმანია, მივედი და გავიცანი.

უკრაინელი ტურისტი აღმოჩნდა, თბილისში ყოფნის პირველი დღე ჰქონოდა. ბევრი ვისეირნეთ ღამის ქალაქში. ვცდილობდი, ბევრი და საინტერესო ამბავი მომეყოლა თბილისზე, რომელიც მასაც ჩემსავით შეუყვარდა. მეც შევუყვარდი და ვიქორწინეთ კიდეც. უკვე შვილიც გვეზრდება. და ეს ყველაფერი საქართველოს დამსახურებაა. ალბათ, ეს მთავარი საჩუქარია, რომელიც მან მომიძღვნა.

აქ ხშირად ჩამოვდივარ ოჯახთან ერთად. სოლოლაკში პატარა ბინა მაქვს. ეს ქვეყანა იმდენად ძლიერად შემოიჭრა ჩემ ცხოვრებაში და ჩემ ბედს ისე გადაეჯაჭვა, რომ უკვე ვფიქრობ, ხომ არ გადმოვიდე აქ სამუდამოდ, რომ უფრო ახლოს ვიყო იმ შეგრძნებასთან, რომელიც თუშეთში სეირნობისას მეუფლება: კრისტალურად წმინდა ჰაერში თავისუფლება შევიგრძნო…

ყველა ახალი ამბავი
0