თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოს შს სამინისტრო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჩართვას ევროპისა და ხმელთაშუაზღვის ჟანდარმერიებისა და გასამხედროებული პოლიციის სტატუსის მქონე ძალების გაერთიანებაში (FIEP) აპირებს, განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
ამის შესახებ თბილისში იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს შს სამინისტროს ჟანდარმერიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან გენერალ-მაიორ ჰუსეინ ალ ჰავათმესთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
„ჩვენ ვგეგმავთ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი გახდეს ევროპისა და ხმელთაშუაზღვის ჟანდარმერიებისა და გასამხედროებული პოლიციის სტატუსის მქონე ძალების გაერთიანების (FIEP) წევრი და ამ მიზნის მისაღწევად, ძალისხმევას არ დავიშურებთ“, — ციტირებს მღებრიშვილს საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახური.
შეხვედრაზე ასევე გახდა ცნობილი, რომ ლისაბონში მიმდინარე წლის 23-26 მაისს ევროპისა და ხმელთაშუაზღვის ჟანდარმერიებისა და გასამხედროებული პოლიციის სტატუსის მქონე ძალების ასოციაციის კომისიის შეხვედრა გაიმართება, სადაც საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობისა და ფუნქციების პრეზენტაციას ჩაატარებს.
სავარაუდოდ, ლისაბონში საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს დამკვირვებლის სტატუსს მიანიჭებენ, რის შემდეგაც, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, ორგანიზაციის წესდების თანახმად, საქართველოს შსს-ს ეს ქვედანაყოფი ევროპისა და ხმელთაშუაზღვის ჟანდარმერიებისა და გასამხედროებული პოლიციის სტატუსის მქონე ძალების ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი გახდება.
ევროპისა და ხმელთაშუაზღვის ჟანდარმერიებისა და გასამხედროებული პოლიციის სტატუსის მქონე ძალების ასოციაცია 19994 წელს საფრანგეთმა, ესპანეთმა და იტალიამ დააარსეს, რომელსაც უმოკლეს დროში პორტუგალიაც შეუერთდა.
ორგანიზაციის მთავარი მიზანია სხვადასხვა ქვეყნების პოლიციის ერთობლივი თანამშრომლობის გაფართოება და გაძლიერება, ასევე რეგიონალური კრიზისების კონტექსტში ერთობლივი სამუშაოს განხორციელება.
ასოციაციის წევრები აგრეთვე არიან თურქეთი, რუმინეთი, ტუნისი, მაროკო და ჰოლანდია. არგენტინის, ჩილესა და კატარის პოლიციის ქვედანაყოფები ორგანიზაციის ასოცირებული წევრის სტატუსით სარგებლობს. ბრაზილიასა და უკრაინას დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა.