თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის ნაკრებმა დევისის თასზე მეორე ევრო-აფრიკული ზონის მეორე რაუნდის მატჩში, რომელიც თბილისში გაიმართა, ლიტვის გუნდთან ანგარიშით 2:3 წააგო.
დასკვნითი დღის პირველ შეხვედრაში, საჩოგბურთო პარკ „მზიურის“ კორტებზე ერთმანეთს ორი გუნდის ლიდერი შეხვდა — ნიკოლოზ ბასილაშვილი (მსოფლიოს მე-60 ჩოგანი) და ლაურინას გრიგელისი (249).
ქართველ ჩოგბურთელს მხოლოდ ერთი საათი და 15 წუთი დასჭირდა იმისათვის, რომ სამ სეტში დამაჯერებელი გამარჯვება მოეპოვებინა — 6:0, 6:1, 6:0 და ლიტვასთან დაპირისპირებაში ანგარიში გაეთანაბრებინა.
„დიდი ხანია არ გვინახავს ისეთი თამაში, როგორიც დღეს ბასილაშვილმა შემოგვთავაზა“, — მატჩის კომენტირებისას განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა დავით კვერნაძემ.
ბასილაშვილმა, თავის მხრივ, ცუდ ამინდზე გააკეთა აქცენტი — ძლიერი ქარი თამაშის ხარისხზე აისახა.
ანალოგიურ განწყობაზე იყო გრიგელისი, რომელმაც მატჩში მხოლოდ ერთი გეიმის აღება მოახერხა:
„ძლიერმა ქარმა ხელი შემიშალა. ეს ჩემს პირველ ჩაწოდებას ეხება, რომლის დროსაც ბურთს საკმაოდ მაღლა ვაგდებ. დღეს ეს არ გამომივიდა, შესაბამისად, ამ უპირატესობის გამოყენება ვერ შევძელი“.
პირველი შეხვედრის დასრულებიდან 20 წუთის შემდეგ კორტებზე მეორე წყვილი გამოჩნდა — გიორგი ცივაძე (846) და ლუკას მუგევიჩუსი (400). თავდაპირველად, ცივაძის წინააღმდეგ ტადას ბაბელისს (1330) უნდა ეთამაშა, მაგრამ ლიტველების კაპიტანმა შეცვლა განახორციელა, რაც დევისის თასის რეგლამენტით არის დაშვებული.
სავარაუდოდ, კაპიტანის ეს გადაწყვეტილება სტუმრების გუნდის გამარჯვების მთავარ ფაქტორად იქცა.
მუგევიჩუსი კორტზე თავს ძალზე დამაჯერებლად გრძნობდა და მეტოქესთან შედარებით, გაცილებით ნაკლებ შეცდომას უშვებდა. განსაკუთრებით კარგად მოქმედებდა ლიტველი ცივაძის ჩაწოდებაზე. საბოლოო ჯამში პირველი ორი პარტია მისი გამარჯვებით დასრულდა — 6:4, 6:2.
მესამე სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა ძალების მობილიზება მოახდინა, რაც მისი სტატისტიკის გაუმჯობესებაზე აისახა. ცივაძე ნაკლებ შეცდომებს უშვებდა და უკეთესად აწვდიდა. ეს პარტია საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.
მაგრამ, ასეთმა ანგარიშმა მუგევიჩუსი არ გატეხა და მეოთხე სეტში ინიციატივა ისევ ლიტველს ეკავა. გადამწყვეტი მეათე გეიმი გახდა. ცივაძე 4:5 ანგარიშის ფონზე აწვდიდა, მაგრამ სწორედ ამ მომენტში მუგევიჩუსმა გადამწყვეტი ბრეიკი გააკეთა და ლიტვას გამარჯვება მოუტანა არა მარტო შეხვედრაში (6:4, 6:2, 1:6, 6:4), არამედ ზოგადად მატჩში — 3:2.
ევრო-აფრიკული ზონის პირველ ჯგუფში გასასვლელად ლიტვა შვედეთის გუნდს შეხვდება, რომელმაც თურქეთს ანგარიშით 4:1 მოუგო. მატჩი მიმდინარე წლის სექტემბრის შუა რიცხვებში გაიმართება.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, მან ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში ადგილი შეინარჩუნა და შემდეგ წელს პირველ ჯგუფში მოსახვედრად ბრძოლას კვლავ განაახლებს.