დევისის თასი, საქართველო-ლიტვა: ფრე პირველი დღის ბოლოს

© Sputnik / Levan Avlabreliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და ლიტვის ნაკრებებს შორის დევისის თასის მატჩზე ბასილაშვილმა გამარჯვება მოიპოვა, ცივაძე კი დამარცხდა.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. თბილისში, პარასკევს, 7 აპრილს  დევისის თასის  ევრო-აფრიკული ზონის მეორე რაუნდი საქართველო-ლიტვას შორის მატჩით გაიხსნა.

 „მზიურის“ პარკის კორტებზე პირველები ქართული ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი (მე-60 ჩოგანი) და 20 წლის ტადას ბაბელისი გამოვიდნენ, რომელიც მსოფლიო რეიტინგის მოკრძალებულ 1330-ე ადგილს იკავებს.

იმდენად დიდი იყო მოთამაშეთა დონის სხვაობა, რომ მსჯელობა იმაზე, თუ ვინ არის ამ შეხვედრის ფავორიტი, ფიქრიც ზედმეტი იყო. 

© Sputnik / Levan Avlabreli ნიკოლოზ ბასილაშვილი და ტადას ბაბელისი
 ნიკოლოზ ბასილაშვილი  და  ტადას ბაბელისი  - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ბასილაშვილი და ტადას ბაბელისი

პირველ სეტში ბასილაშვილი აკვირდებოდა ოპონენტს და მისი სუსტი ადგილის პოვნის შემდეგ ბრეიკი გააკეთა. ეს მეოთხე გეიმში მოხდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბაბელისს კარგი პირველი ჩაწოდება აქვს. ბასილაშვილის გამოცდილება და კლასი რომ არა, სხვას ბაბელისთან საკმაოდ გაუჭირდებოდა.

საჭირო უპირატესობის მოპოვების შემდეგ, ბასილაშვილმა სასტარტო პარტიის დარჩენილი გეიმები დამაჯერებლად ითამაშა და კანონზომიერი გამარჯვება 6:3 მოიპოვა.

მეორე პარტია მსგავსი სცენარით ჩატარდა, იმ განსხვავებით, რომ ბასილაშვილმა ბაბელისის ჩაწოდება ორჯერ აიღო და ანგარიშით 6:2 მოიგო.

ბოლო სეტში ბასილაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ის მალე დაესრულებინა. წინ ხომ კიდევ ორი მატჩია, ენერგიას კი დაზოგვა უნდა.

საქართველოს ნაკრების ლიდერმა მესამე პარტია მძლავრ და აგრესიულ მანერაში ჩაატარა, მეტოქის ჩაწოდება სამჯერ აიღო და ანგარიშით 6:0 მოიგო. 

© Sputnik / Levan Avlabreliგიორგი ცივაძე
გიორგი ცივაძე - Sputnik საქართველო
გიორგი ცივაძე

იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრები წინ გაეყვანა —  1:0 (6:3, 6:2, 6:0), ბასილაშვილს ერთ საათზე ოდნავ მეტი დასჭირდა.

20 წუთის შემდეგ კორტზე გიორგი ცივაძე (846) და ლაურინას გრიგელისი (249) გამოვიდნენ. როგორც პირველი წყვილის შემთხვევაში, ამ დაპირისპირებაშიც  ფავორიტი გამოკვეთილი იყო — ქართველი ფანების სამწუხაროდ.

ის, რაც კორტზე სეტის პირველივე წუთიდან დაიწყო, ვერანაირ ჩარჩოებში ვერ ჯდება. ცივაძემ 12 გათამაშება ზედიზედ და შესაბამისად, სამი სასტარტო გეიმი წააგო. 

ქართველი ჩოგბურთელი გონს  მხოლოდ 0:3 ანგარიშის დამყარების შემდეგ მოეგო და დაკარგულის დაბრუნებას შეეცადა. მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. პირველი სეტი ანგარიშით 6:3 დასრულდა. ისეთი შეგრძნება გაჩნდა, რომ მატჩის დასრულების შემდეგ ლიტველები ანგარიშს გაათანაბრებენ.

ამ შეგრძნებას გრიგელისის თამაში ამყარებდა. ლიტველი ბეკხენდებს მკაფიოდ ასრულებდა, უკანა ხაზზე თამაშობდა და შეტევების მიმართულებებს ცვლიდა. 

ლაურინას გრიგელისი
ლაურინას გრიგელისი - Sputnik საქართველო
ლაურინას გრიგელისი

მეორე და მესამე სეტი ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა და ერთნაირი ანგარიშით 6:2 დასრულდა. გამარჯვებისთვის გრიგელისს 1 საათი და 16 წუთი ეყო.

„ჩემთვის ამ მატჩის მოგება სამ სეტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რათა ხვალინდელი წყვილების თამაშისთვის ძალები დამეზოგა“, — განაცხადა გრიგელისმა თამაშის შემდეგ.

გრიგელისმა ასევე აღნიშნა, რომ გუნდმა დასახულ მიზანს მიაღწია — პირველი დღის შემდეგ არ წაეგოთ ანგარიშით 0:2.

დადასტურდა საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ალექსანდრეს მეტრეველის სიტყვები, რომელმაც დაპირისპირების დაწყებამდე აღნიშნა, რომ:„ეს იქნება არც ისე მარტივი მატჩი, ძალიან რთულ მეტოქესთან, სადაც მოგებისთვის მთელი ძალისხმევით ბრძოლა მოგვიწევს“.

შაბათს, 8 აპრილს, „მზიურის“ კორტებზე წყვილების შეხვედრა შედგება, რომლის შემდეგ, სავარაუდოდ, ლიტვის ნაკრები დაწინაურდება. 

© Sputnik / Levan Avlabreliდევისის თასის მატჩი - საქართველო-ლიტვა
დევისის თასის მატჩი  - საქართველო-ლიტვა - Sputnik საქართველო
დევისის თასის მატჩი - საქართველო-ლიტვა

ეს იმით არის განპირობებული, რომ არც ბასილაშვილი, არც ცივაძე წყვილებში არ ბრწყინავენ. ორივე თავს უფრო კომფორტულად ინდივიდუალურ შეხვედრებში გრძნობს.

აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა კვირის პირველ მატჩს ენიჭება, როდესაც ერთმანეთს ორი ნაკრების ლიდერი შეხვდება — ბასილაშვილი და გრიგელისი.

თუ ანგარიში გათანაბრდა, ვინ იცის, იქნებ ცივაძე ისევ გმირი გახდეს, როგორც ეს ფინეთის წინააღმდეგ დასკვნით მატჩში მოხდა, როდესაც მან პატრიკ-ნიკლას სალმინენთან ხუთ სეტში გამარჯვებით საქართველოს ნაკრებს მოგება მოუტანა.


ყველა ახალი ამბავი
0