ტალებ რიფაის საქართველოში მილიონი ტურისტის ჩამოყვანა სურს

გამოწერა
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტალებ რიფაიმ სტეფანწმინდა მოინახულა და ბუნების სილამაზით მოიხიბლა.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო, მოინახულა სოფელი სტეფანწმინდა და იმდენად აღფრთოვანდა ბუნებით, რომ შემდგომში საქართველოში მილიონ ტურისტთან ერთად ჩამოსვლის პირობა დადო.

ტალებ რიფაი თბილისში ორდღიანი ვიზიტით ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციის "ინოვაციური სტრატეგიები სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის" ფარგლებში იმყოფებოდა, რომელიც უკვე დასრულდა. 

ტალებ რიფაი - Sputnik საქართველო
ტალებ რიფაიმ საქართველოში ტურიზმის ზრდის ტენდენცია აღნიშნა

ტალებ რიფაიმ საფრანგეთის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი ჩოგოვაძესთან  და ესპანეთში საქართველოს ელჩ ზურაბ პოლოლიკაშვილთან ერთად, გერგეტის წმინდა სამების ტაძარი დაათვალიერა.

„ვისურვებდი, რომ ახლა მთელი მსოფლიო ჩემთან ერთად იყოს და ჩემთან ერთად ეზიაროს ამ საოცარ შთაბეჭდილებებს. მომავალში ვეცდები საქართველოში მილიონ ადამიანთან ერთად ჩამოვიდე", — განაცხადა ტალებ რიფაიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტით დიდი შთაბეჭდილება მიიღო. მისი თქმით, ეს არის ქვეყანა ლამაზი ბუნებით, საოცარი მთებით, უგემრიელესი კერძებით, შესანიშნავი ღვინით და ლამაზი ხალხით. 

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
საქართველომ ტურიზმის რეიტინგში 70-ე ადგილი დაიკავა

ყოველივე ეს დაუვიწყარ მოგონებებს ტოვებს, განაცხადა რიფაიმ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოში ტურიზმის განვითარების მხარდაჭერისთვის ტალებ რიფაი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ჯილდო რიფაის საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განკარგულებით გადაეცა.

ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციაზე თბილისში სამთო ტურიზმის სფეროს დაახლეობით 300 სპეციალისტი შეიკრიბა, რომელზეც აქტუალური თემები და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


ყველა ახალი ამბავი
0