თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტალებ რიფაიმ საქართველოში ტურიზმის ზრდას ფენომენალური უწოდა.
რიფაი თბილისში იმყოფება, სადაც ოთხშაბათს ევროპისა და აზიის სამთო-სათხილამურო კურორტების მესამე საერთაშირისო კონფერენცია იწყება, რომელიც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით იმართება. კონფერენციის დაწყებამდე რიფაი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, გიორგი ჩოგოვაძეს შეხვდა.
„საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მთელ მსოფლიოში საკმაოდ ცნობილია მთებით და სამთო კურორტებით. კონფერენცია იმ საკითხებზე იქნება ორიენტირებული, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია… ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი ჩამოდის. ეს არის ტურიზმის ფენომენალური ზრდა საქართველოში. ეს ზრდა ნამდვილად თვალსაჩინოა ბოლო 2 წელიწადში. მხოლოდ გასულ წელს ტურისტების ზრდამ 20%-ზე მეტი შეადგინა. გასულ წელს საქართველოს 6,3 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც შთამბეჭდავია“, — აღნიშნა რიფაიმ.
კონფერენციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 250 დელეგატი დაესწრება. ღონისძიების მონაწილეები სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებასა და ტურისტული სეზონის მთელი წლით გახანგრძლივებაზე იმსჯელებენ.
„2015 წლის დასაწყისში საქართველომ ორი მნიშვნელოვანი კონფერენციის გამართვის უფლება მოიპოვა. 2016 წელს გავმართეთ ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია, 2017 წელს კი ვატარებთ მთის კურორტების განვითარების კონფერენციას. ორივე ღონისძიება ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზაციას და დამკვიდრებას მსოფლიო რუკაზე, როგორც ღვინის სამშობლო, მეორე მხრივ კი ქვეყანა, სადაც ძალიან განვითარებულია ტურიზმი და მთის კურორტები“, — განაცხადა ჩოგოვაძემ.
ოთხშაბათს ევროპისა და აზიის სამთო-სათხილამურო კურორტების საერთაშირისო კონფერენცია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, ერთ-ერთი მასშტაბური ფორუმია, სადაც წარმოდგენილია ზაფხულის და ზამთრის ცნობილი და განვითარებადი კურორტები. ღონისძიება ხელს უწყობს გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას და სამთო-სათხილამურო ბაზების სტაბილური ზრდის და კონკურენტუნარიანობის სტიმულირების კუთხით შემდგომ თანამშრომლობას.
საქართველოს აქტიურად ავითარებს ტურისტულ სფეროს, ტურისტების მოსაზიდად ახალ გზებს ეძებს, გარდა ამისა, ვითარდება ახალი მიმართულებები, რომლებმაც ქვეყანაში ჩამოსული ვიზიტორების ყველა მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს.
საერთაშორისო ტურიზმით მიღებულმა შემოსავალმა 2016 წელს დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2016 წელს საქართველოს 6,3 მილიონი უცხოელი ვიზიტორი ეწვია, რაც 2015 წლის მონაცემებს 7,6%-ით აღემატება.