თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად 300 სარჩელი შეაგროვეს იმ მოქალაქეებისგან, რომლებიც საქართველოში ფარული მოსმენების ახალი წესებით არიან უკმაყოფილო.
საქართველოს პარლამენტმა ფარული თვალთვალის ახალი წესების შესახებ კანონპროექტების პაკეტი მარტის დასაწყისში მიიღო. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ეს შესწორებები მიუღებლად ჩათვალა და მას ვეტო დაადო. მაგრამ მარტის შუა რიცხვებში საკანონმდებლო ორგანომ გადალახა ვეტო და ახალი წესები 30 მარტს ამოქმედდა.
ახალი კანონის მიღებას წინ უძღოდა საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს-ი) მოქალაქეების თვალთვალი აუკრძალა. შედეგად, ხელისუფლებამ ახალი უწყების — ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნა გადაწყვეტა. მაგრამ იმ ფაქტმა, რომ სააგენტო ისევ სუს-თან იფუნქციონირებს, არასამთავრობო ორგანიზაციების უკმაყოფილება გამოიწვია.
რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც უკვე ოთხი წელია აწარმოებენ კამპანიას "ეს შენ გეხება", შესწორებების ამოქმედებისთანავე დაიწყეს სარჩელების შეგროვება საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად. სარჩელების მიღება არასამთავრობო ორგანიზაციებში 6 მარტიდან მიმდინარეობდა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
"სულ მიღებულია 300 სარჩელი, რომლებსაც უახლოეს მომავალში სასამართლოში შევიტანთ", — აღნიშნულია კამპანიის "ეს შენ გეხება" Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოში ფარული მოსმენების კანონებს ასაჩივრებენ "ევროპული საქართველო", "ნაციონალური მოძრაობა", "რესპუბლიკელები", "თავისუფალი დემოკარტები", სახალხო დამცველი.
ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება. სააგენტოს მთავარი მიზანი იქნება ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება სისხლის სამართლის საქმეებზე, ქმედებებზე, რომლებიც მიმართულია კონსტიტუციური წყობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, თავდაცვისუნარიანობისა და ქვეყნის სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ.
ამ სამხილების მისაღებად სააგენტო მოისმენს სატელეფონო საუბრებს, აწარმოებს ფარულ თვალთვალს, მოიპოვებს ინფორმაციას კომპიუტერული სისტემებიდან, განსაზღვრავს გეოლოკაციას, გააკონტროლებს საფოსტო და სატელეგრაფო გზავნილებს, განახორციელებს ფარულ აუდიო და/ან ვიდეოჩანაწერებს, ასევე ფოტოგადაღებებს.
ფარული მოსმენები განხორციელდება მხოლოდ სასამართლოს ნებართვით, პროკურორის მოთხოვნით, ან უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის ბრძანებით.
მომავალში სააგენტოს ფუნქციები მნიშვნელოვნად გაფართოვდება. 2017 წლის 1 ოქტომბრიდან ახალი უწყება უფლებას მიიღებს, განახორციელოს ინდივიდუალური ან სტრატეგიული ფარული თვალთვალი, ასევე თვალთვალი კონტრდაზვერვის ინტერესებიდან გამომდინარე. ამისთვის საჭირო იქნება მოსამართლის ინდივიდუალური ნებართვა. ხოლო 2020 წლის 30 მარტიდან სააგენტო გეოლოკაციის დადგენის უფლებას მიიღებს — წერტილის, საიდანაც განხორციელდება კომუნიკაცია.