27 მარტი — Sputnik. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც ფარული მოსმენა-მიყურადების ახალი წესების შემოღებას ითვალისწინებენ, განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ.
ფარული მოსმენა-მიყურადების ახალი წესები და ამისათვის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურთან სპეციალური სააგენტოს შექმნის გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მარტის დასაწყისში მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა მიღებული ვარიანტი მიუღებლად ჩათვალა და კანონპროექტებზე ვეტო დაადო. გასულ კვირას საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
ახალი კანონის მიღება საჭირო გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, რომელმაც 2016 წლის აპრილში არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის "ეს შენ გეხება" სარჩელის საფუძველზე არაკონსტიტუციურად აღიარა ის საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ნებას რთავდა, ეწარმოებინა ფარული მოსმენები რეალურ დროში, გაეკეთებინა ასლები და შეენახა ეს მონაცემები. შესაბამისი კანონმდებლობის შესაცვლელად სასამართლომ პარლამენტს ვადა 31 მარტამდე მისცა.
"პრეზიდენტი პატივს სცემს საკონსტიტუციო სასამართლოს, მის გადაწყვეტილებას, ხელს აწერს იმ კანონს, რომელიც პარლამენტმა მიიღო", — განაცხადა დოლიძემ ბრიფინგზე, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში.
ამასთან ერთად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ სახემწიფოს მეთაური მზად არის შეხვდეს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიაზაციას, რომელიც მიღებული შესწორებების გაპროტესტებას საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში აპირებს.
ახალი მოდელის მიხედვით, სამხილების მოპოვებას სისხლის სამართლის საქმეებზე და ქმედებებზე, რომლებიც მიმართულია კონსტიტუციური წყობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, თავდაცვისუნარიანობისა და ქვეყნის სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ, ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტო განახორციელებს.
კანონპროექტთა პაკეტი ძალაში "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ შევა.