თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ქვეყნის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტო დაძლია, რომელიც ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ კანონპროექტთა პაკეტს დაადო.
ოპოზიციისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პროტესტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა შესწორებები მიმდინარე წლის 1 მარტს დაამტკიცა. საქართველოს პრეზიდენტმა ახალი კანონის ხელმოწერაზე უარი განაცხადა და საკანონმდებლო ორგანოს საკუთარი მოტივირებული შენიშვნები გადაუგზავნა.
ფარული მოსმენა–მიყურადების ახალი მოდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან (სუს–ი) ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს.
მარგველაშვილი, ისევე როგორც ზოგიერთი ოპოზიციური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია, მიიჩნევს, რომ ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტო სუს–ის დაქვემდებარებაში არ უნდა იყოს, რადგან ეს ქვეყნის კონსტიტუციასა და "ადამიანის უფლებების კონვენციას" ეწინააღმდეგება. გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით სააგენტო საქართველოს პრემიერ–მინისტრთან არსებულ სპეციალურ უწყებად უნდა ყოფილიყო, რომელსაც თავად პრემიერი გააკონტროლებდა.
მარგველაშვილი ასევე მოითხოვდა, რომ მოსმენის აპარატურის დამონტაჟებისთვის სუს–ს საკომუნიკაციო კომპანიებისთვის საფასური გადაეხადა. პარლამენტის მიერ მიღებული შესწორებების თანახმად, რომლებსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, სუს–მა აღნიშნული აპარატურა თავად უსასყიდლოდ უნდა დაამონტაჟოს.
რაც შეეხება ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის მთავარ პრინციპს, მან უნდა განახორციელოს ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება სისხლის სამართლის საქმეებზე და ქმედებებზე, რომლებიც მიმართულია კონსტიტუციური წყობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, თავდაცვისუნარიანობისა და ქვეყნის სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ. ამისათვის ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტოს საიდუმლო თანამშრომლები ეყოლება.
მანამდე მიღებული კანონპროექტების თანახმად, ფარული მოსმენა–მიყურადება მხოლოდ სასამართლოს ნებართვის საფუძველზე, პროკურორის მოთხოვნით ან უზენაესი სასამართლოს ბრძანების საფუძველზე უნდა განხორციელდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტო სუს–ის შემადგენლობაში შევა, მის საქმიანობაზე კონტროლს ქვეყნის პარლამენტი და პრემიერ–მინისტრი განახორციელებს. სააგენტოს საქმიანობას ასევე დააკვირდება პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი.
ახალი კანონის მიღება საჭირო გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, რომელმაც 2016 წლის აპრილში არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის "ეს შენ გეხება" სარჩელის საფუძველზე არაკონსტიტუციურად აღიარა ის საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ნებას რთავდა, ეწარმოებინა ფარული მოსმენები რეალურ დროში, გაეკეთებინა ასლები და შეენახა ეს მონაცემები.