თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის კვლევებში საქართველოსთვის მინიჭებული 4.61 ქულა კარგი მაჩვენებელი არ არის, მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელ საბა ბუაძეს.
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის კვლევა — „ქვეყნები გარდამავალ პერიოდში 2017" ცენტრალური ევროპისა და ევრაზიის 29 ქვეყნის დემოკრატიის განვითარების ანალიზს წარმოადგენს. აქ საქართველოს 4.61 ქულა აქვს 7-ქულიანი სისტემით, სადაც 1 ქულა ყველაზე დემოკრატიულს, ხოლო 7 ქულა — ყველაზე ნაკლებად დემოკრატიულს ნიშნავს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის აზრით, ეს შეიძლება იმითაც იყოს განპირობებული, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამ სფეროებში ისეთი ამბიციური რეფორმები არ გატარებულა, რომლებიც შემფასებელს აფიქრებინებდა, რომ ამ გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანაში ვითარება გაუმჯობესდა.
„4.61 ქულა არ არის მაღალი მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო მისი გაუმჯობესება, მაგალითად, იმავე კორუფციის ნაწილში, რომელიც 2008 წლის მერე მხოლოდ 0.5 პუნქტით გაუმჯობესდა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ სასამართლოზეც, სადაც 2014 წლის შემდეგ მაჩვენებელი მხოლოდ 0.25 პუნქტითაა გაუმჯობესებული. რაც შეეხება მასმედიის თავისუფლებას, 2012 წლის შემდეგ ისიც მხოლოდ 0.25 ქულით არის გაზრდილი და მაღალ შედეგს არც ეს წარმოადგენს", – აღნიშნა საბა ბუაძემ "Sputnik–საქართველოსთან" საუბრისას.
Freedom House-ის კვლევის თანახმად, საქართველოს შეფასება მოხდა რამდენიმე პარამეტრის მიხედვით, კერძოდ: საარჩევნო პროცესი (4.50 ქულა), სამოქალაქო საზოგადოება (3.75), დამოუკიდებელი მასმედია (4.00), ეროვნული დემოკრატიული მმართველობა (5.50), ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა (5.25), სასამართლო სისტემა და დამოუკიდებლობა (4.75), კორუფცია (4.50).
"Freedom House-ის კვლევის თანახმად საქართველოს ყველაზე კარგი მაჩვენებელი სამოქალაქო თავისუფლების ნაწილში აქვს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ უფრო ამბიციურები ვიყოთ და უფრო მაღალი შეფასებები სხვა სფეროებშიც გვქონდეს", — მიაჩნია საბა ბუაძეს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა აქვე ისიც აღნიშნა, რომ 2017 წლის რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა.