თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა ხელფასების ხარჯები 2012-2015 წლების მონაცემებით 69%-ით გაიზარდა და 11 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ასეთია არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კვლევის შედეგები.
კვლევაში ნათქვამია, რომ აღნიშნული მონაცემი უწყებაში თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდასთანაა დაკავშირებული. თუმცა, სახელფასო ხარჯების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად აღემატება საშტატო ერთეულის გაზრდას, რამდენადაც 2011 წლის 31 დეკემბრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში თანამშრომელთა რაოდენობის ზრდამ 27,8% შეადგინა.
2011 წელს პროკურატურის შტატში დასაქმებულ თანამშრომელთა სახელფასო ხარჯები 14 მლნ 540 ათას 949 ლარი იყო, 2012წელს — 15 მლნ 214 ათას 572 ლარი, 2013 წელს — 20 მლნ 108 ათას 742 ლარი, 2014 წელს — 24 მლნ 743 ათას 192 ლარი, ხოლო 2015 წელს ამ მაჩვენებელმა 25 მლნ 720 ათას 900 ლარი შეადგინა.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ყოველწლიურად სახელფასო ხარჯების გაზრდა პრემიებისა და დანამატების მნიშვნელოვანი ზრდითაა გამოწვეული.
2014 წლამდე პროკურატურის თანამშრომლები ხელფასთან ერთად მხოლოდ პრემიებს იღებდნენ: 2011 წელს 3 მლნ 830 ათას 289 ლარი, 2012 წელს — 4 მლნ 557 ათას 686 ლარი და 2013 წელს — 5 მლნ 900 ათას 857 ლარი.
იმ დროს, როდესაც პრემიასთან ერთად, რომლის საერთო მოცულობამ 6 მლნ 283 ათას 579 ლარი შეადგინა, 2014 წელს პროკურატურის თანამშრომლებმა დანამატის სახით 3 მლნ 960 ათას 116 ლარი მიიღეს, საერთო ჯამში თანხამ 10 მლნ 243 ათას 695 ლარი შეადგინა.
2015 წელს საპრემიო ფონდი 3 მლნ 478 ათას 539 ლარით შემცირდა, თუმცა დანამატი 3 მლნ 854 ათას 353 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, პრემიისა და დანამატის საერთო მოცულობა 10 მლნ 619 ათას 509 ლარამდე გაიზარდა.