თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის არცერთი მინისტრი არ იღებს პრემიას, — განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ „რუსთავი 2–ის“ გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში 17 ნოემბერს განაცხადა, რომ სახელმწიფო უწყებებში პრემიები სახელფასო დანამატებით შეცვალეს. მისი თქმით, პრემიების გაცემა 31 მლნ ლარით შემცირდა, ხოლო სახელფასო დანამატებისა კი 45 მლნ ლარით გაიზარდა.
„სპეკულაცია იმაზე, რომ მთვრობამ ხელფასები გაიზარდა, სრული სიცრუეა… არცერთი მინისტრი არ იღებს პრემიას. მინისტრის ხელფასი შეადგენს 5 ათას ლარს და ეს ყველაფერი საჯაროა“, — თქვა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება სახელმწიფო უწყებებში ხელფასების ზრდას, ღარიბაშვილმა განმარტა, რომ 113 მლნ ლარით მოიმატა სამხედრო მოსამსახურეების ხელფასებმა, ხოლო პოლიციელებისამ — 106 მლნ ლარით. ამას გარდა, გაიზარდა პედაგოგებისა და ექიმების ხელფასები.
მთვრობის მეთაურმა მოუწოდა მინისტრებს, ამ საკითხით დაინტერესების შემთხვევაში, მიაწოდონ მედიას ნებისმიერი ინფორმაცია.