ბავშვობის გემო
საქართველოზე ჩემი პირველი შთაბეჭდილებები ბავშვობას უკავშირდება. სასკოლო არდადეგებზე ხშირად ჩამოვდიოდი თბილისელ დეიდასთან და ჩემი ბავშვობისდროინდელი საუკეთესო მოგონებები სწორედ საქართველოზეა. როდესაც ორნახევარი წლის წინ თბილისში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის სტატუსით მომავლინეს, შემორჩენილი შთაბეჭდილებები მხოლოდ გამართლდა. ისევ თბილ, სიკეთით სავსე ატმოსფეროში აღმოვჩნდი, ქართველი ხალხის სახით ისევ ის მეგობრული და სტუმართმოყვარე ადამიანები დამხვდნენ.
საბედნიეროდ, საქართველოში ჯერ არ გადავწყდომივარ ისეთ მოვლენას, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიუღებელი იქნებოდა, ან რასაც ვერასდროს შევეგუებოდი.
ძალიან მიყვარს თბილისი. ამ ქალაქს ერევანზე უკეთ ვიცნობ. ბავშვობაში თბილისის ყველა ძველი უბანი მაქვს შემოვლილი და ახლა, როცა რომელიმე ძველ ქუჩაზე ვხვდები, მაშინვე ვცნობ მას და თბილად მახსენდება, როგორ ვსეირნობდი აქ მრავალი წლის წინ.
ყველაზე მეტად მაინც ლისის ტბა მიყვარდა, მისი შემოგარენი ლამის ზეპირად ვიცოდი.
ზღაპრული ბუნება და მსგავსი კლიმატი
იმ ორნახევარი წლის განმავლობაში, რაც აქ ვმუშაობ, საქართველოს ბევრი რაიონი, ქალაქი და სოფელი შემოვიარე. მართლაც რომ ზღაპრული ქვეყანაა, როგორც გეოგრაფიული თვალსაზრისით, ისე ისტორიული კუთხითაც. აღარაფერს ვიტყვი საოცარ და უძველეს ქართულ ხუროთმოძღვრებაზე.
მიყვარს ბათუმი — მისი არაჩვეულებრივი ბოტანიკური ბაღით, მკაცრი, მაგრამ მრავალფეროვანი სამცხე-ჯავახეთი, რომლის ზოგი ქალაქი ჩემს მშობლიურ გიუმრის მაგონებს. მშვენიერია დაბურული ტყეებითა და მაღალი მთებით გარშემორტყმული ბორჯომი, სადაც ბუნებას თითქოს ჩაფიქრებული ჰქონდა, სასწაულები მოეხდინა. დაუვიწყარია უძველესი ქალაქი მცხეთა მისი მრავალრიცხოვანი კულტურულ-ისტორიული ძეგლით, ჯვრის მონასტერი, რომელიც არაგვისა და მტკვრის შესართავს გადაჰყურებს…
ეს ჩამონათვალი კიდევ შემიძლია განვაგრძო, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყველა შესანიშნავი ადგილი ჯერ არ მინახავს.
საქართველოს ბუნება მართლაც უმშვენიერესია. ტყუილად კი არ გვამცნობს ლეგენდა, რომ უფალმა ქართველებს ის მიწა უბოძა, რომელიც თავისთვის ჰქონდა გადანახულიო.
სხვათა შორის, ქართული ბუნება — თავისი მაღალი მთებით, ხშირი ტყეებითა და ჭრელაჭრულა ველებით რაღაცით სომხურს წააგავს. ჩვენი ქვეყნების კლიმატიც დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან და ამიტომაც არ გამჭირვებია აქაურ კლიმატთან შეგუება.
უძველესი მეზობელი
ყველა სომეხს ახსოვს, რომ საქართველო ჩვენი საუკუნო მეგობარი და მეზობელია. ამიტომაც აფასებენ მის თვითმყოფად კულტურას, ტრადიციებს, მდიდარ და გემრიელ სამზარეულოს. ამის დასტურია ხშირი სომხურ-ქართული ფესტივალები და სხვადასხვა ღონისძიებები კულტურის, სპორტისა თუ ეროვნული კულინარიის კუთხით.
არ შემიძლია არ ვთქვა, რომ სომხურ ოჯახებში ძალიან პოპულარულია ქართული კერძები. ამ მხრივ გამონაკლისს არც ჩემი ოჯახი წარმოადგენს. მეუღლეს რეგულარულად „ვუკვეთავ“ რომელიმე ქართულ კერძს. ხშირად ვამზადებთ ჩახოხბილს, საახალწლოდ კი, როგორც ალბათ სომხური ოჯახების 90%-ში, ჩვენთანაც კეთდება საცივი.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ძალიან მიყვარს ხინკალი და ხაჭაპური. ამერიკაში ყოფნისას დედას ისე ხშირად ვაცხობინებდი, რომ შეიძლება ითქვას, ხაჭაპურზე „შევჯექი“.
გამორჩეული ქართველები
სამი სიტყვით თუ აღვწერ საქართველოს, ეს იქნება: ორიგინალობა, კოლორიტი, სტუმართმოყვარეობა.
ქართველებს განსაკუთრებული პიროვნული თავისებურებები ახასიათებთ, რაც მათ ყველასგან გამოარჩევთ და რომელთა წყალობითაც ნებისმიერი სხვა ერის წარმომადგენლისგან გამოარჩევთ იმ შემთხვევაშიც კი, სულ რომ არაფერი იცოდეთ მისი წარმომავლობის შესახებ.
აგიხსნით, რასაც ვგულისხმობ: კავკასიელები ძალიან ბევრი რამით ვგავართ ერთმანეთს, მაგრამ ათას კაცშიც კი არასდროს გამჭირვებია ქართველის ამოცნობა. რანაირად ვახერხებ ამას, რა ეროვნულ თავისებურებებზე დაყრდნობით, თავადაც არ ვიცი.
სომხები და ქართველები ტემპერამენტით დიდად არ განვსხვავდებით, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ქართველები უფრო ფეთქებადი ხალხია, რაც სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაშიც შეინიშნება. მაგალითად, საზოგადოებრივი პროტესტი ზოგჯერ მაშინ ჩნდება, როდესაც ამისათვის რეალური საბაბი არც კი არსებობს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენება.
უნივერსალური საჩუქრები
საჩუქრები? იქნებ ბანალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მაინც პატიოსნად გეტყვით: სომხეთიდან კონიაკი ჩამომაქვს, საქართველოდან კი ღვინო მიმაქვს ხოლმე. ეს უნივერსალური საჩუქრებია, აქ შეცდომის დაშვება რთულია.
მე თავად ვარ ქართული ღვინის დიდი თაყვანისმცემელი. ასზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, უამრავი კარგი ღვინო გამისინჯავს, მაგრამ ქართულს მაინც ვერ აჯობა ვერცერთმა.
მოკლედ, კარგი ქართული ღვინო საჩუქრად მეც ყოველთვის ძალიან გამახარებდა.