თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ქუჩის მოვაჭრეებმა, რომლებსაც თბილისის ცენტრში მეტროს სადგურ "მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობა აეკრძალათ, საპროტესტო აქცია გამართეს.
მეტროსადგურ "მარჯანიშვილთან" დაახლოებით 40 ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად სუნამოს ცარიელი კოლოფები, ყვავილები და ჩურჩხელები მოიტანეს. ადგილზე იყო მობილიზებული პოლიცია და ქალაქის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები.
მოვაჭრეებმა განაცხადეს, რომ მერიამ მათ თბილისის სხვადასხვა ბაზრებში ადგილები შესთავაზა, ადმინისტრაცია კი დახლებს არ აძლევს.
"ბაზრებში არ გვიშვებენ. აქ უკვე 16 წელი ვმუშაობთ. ერთი-ორი თვით მაინც დაგვტოვონ აქ, ყველას ბანკის კრედიტები გვაქვს", — განაცხადა აქციის მონაწილემ ანა გვახარიამ.
ქუჩის მოვაჭრეებს სოლიდარობა გამოუცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების "დემოკრატიის ინსტიტუტის" და "სახალხო ტრიბუნების" წარმომადგენლებმა.
"ვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ მათ ალტერნატიული ადგილები გამოუყოს. მათ მიზერული საქონელი აქვთ, ბაზარში მათ საქონელს არავინ იყიდის", — განაცხადა "სახალხო ტრიბუნების" წარმომადგენელმა მამისა ჯაბარაშვილმა.
შესაბამისი კანონმდებლობის მიღებამდე ქუჩის ვაჭრობის აკრძალვის წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი გამოვიდა.
"კანონის მიღებამდე ხელისუფლებამ უნდა დაუშვას ქუჩის ვაჭრობა. მათ მიერ შეთავაზებული ადგილები მიუღებელია მაღალი გადასახადების გამო. დღეში 25-30 ლარის გადახდას ისინი ვერ შეძლებენ, რადგან მათი დღიური შემოსავალი საშუალოდ 10-15 ლარს შეადგენს", — განაცხადა ჩხარტიშვილმა.
საპროტესტო აქციაზე სიტუაცია რამდენჯერმე გამწვავდა. სიტყვიერი დაპირისპირება ძირითადად აქციის მონაწილეებსა და ადგილობრივ მცხოვრებს შორის მიმდინარეობდა, რომლებიც ქუჩის ვაჭრობის წინააღმდეგ გამოდიან.
"ქუჩის ვაჭრობა დაუშვებელია. მივესალმები იმას, რომ აქ სისუფთავე და წესრიგი იყოს. ძალიან მომწონს, რომ ვაჭრობა აუკრძალეს", — განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ლია კანდელაკმა.
აქციის მონაწილეებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე შეხვდა, რომელმაც გარე მოვაჭრეებს ვაჭრობის გაგრძელება ბაზრებზე ურჩია.
"ქუჩის ვაჭრობას ვაღარ დავუშვებთ. ჩვენ მათ შევთავაზეთ სავაჭრო ცენტრებს მიმართონ, სადაც მათ ელიან, სამიდან ექვს თვემდე პერიოდის განმავლობაში შეძლებენ ვაჭრობას და გადასახადს არ გადაიხდიან. ყველა ბაზარს, რომელიც ამ მოვაჭრეებს ელოდება, სახელმწიფო აკონტროლებს. ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ, რომ გადასახადი არ გამოართვან. და რასაც ეს ადამიანები აცხადებენ, სრული სიცრუეა", — განაცხადა ჩიკვილაძემ.
ყველაფრის მიუხედავად, ქუჩის მოვაჭრეები საპროტესტო აქციების გაგრძელებას აპირებენ. მათი თქმით, უფრო მასშტაბური საპროტესტო აქცია შაბათს, მერიის შენობის წინ გაიმართება.
თბილისის მერიამ ქუჩის ვაჭრობასთან ბრძოლა 19 მარტს დაიწყო, როდესაც აღმაშენებლის გამზირზე კონსტრუქციები და დახლები დაშალეს, რომლებიც ქუჩის მოვაჭრეებმა თვითნებურად ააგეს.
მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას თბილისის მერია ეტაპობრივად თბილისის სხვადასხვა რაიონში გეგმავს. ქუჩის ვაჭრობის აკრძალვის თხოვნით მერიას არაერთხელ მიუმართავს ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც ანტისანიტარიას უჩიოდა.