თბილისი, 9 მარტი — Sputnik. „ბავშვთა სამყაროს“ დაწვის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა თბილისის ცენტრში, საკრებულოს შენობასთან ხმაურიანი საპროტესტო აქცია მოაწყვეს.
აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნაა — ზარალის ანაზღაურება და კომპენსაციების გადახდა. საკრებულოს შენობასთან ისინი კარვების გაშლას და შიმშილობის დაწყებას გეგმავდნენ, მაგრამ პოლიციამ მათ ხელი შეუშალა. ამას ყვირილი და შეხლა–შემოხლა მოჰყვა.
პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ, მოვაჭრეებმა ანთებული სანთლებით ხელში მჯდომარე საპროტესტო აქცია მოაწყვეს.
შუადღისას აქციის მონაწილეებს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატები შეხვდნენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და უშედეგოდ დასრულდა.
„რომ გითხრათ, რომ კონკრეტულად ჩვენ შევთანხმდით და რაღაც შედეგს მივაღწიეთ, ეს ტყუილი იქნება, მაგრამ, ჩვენ თითქმის თვე-ნახევარი ველოდეთ, ამიტომ სამი-ოთხი დღე აღარაფერს წყვეტს. ჩვენ დაველოდებით სამშაბათს. უნდა შედგეს ახალი სიები, ყველაფერი დეტალებში უნდა იყოს აღწერილი“, — შეხვედრის დასასრულს განაცხადა აქციის მონაწილემ მანანა ლოხიშვილმა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მოვაჭრეები საპროტესტო აქციას ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით მართავენ, მაგრამ უშედეგოდ. ჯერჯერობით მიმდინარეობს გამოძიება. ხანძრით მიყენებული ზარალის ოდენობაც არ არის დადგენილი.
„ბავშვთა სამყაროს“ შენობა სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ 6 მლნ ლარად იყო დაზღვეული, მაგრამ დაზღვევა არ ეხება შენობის შიგნით განთავსებულ სავაჭრო დახლებს.
ხანძარი სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში, სადაც „ოქროს სამყარო“ და საბითუმო ბაზრობა იყო განთავსებული, 30 იანვარს, გვიან ღამით გაჩნდა.
ხანძარმა შენობა მთლიანად გაანადგურა. ცეცხლმა შენობის კონსტრუქცია დააზიანა, რის შედეგადაც შიდა კედლები ნაწილობრივ ჩამოინგრა.