თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საპროტესტო აქცია, რომელიც თბილისის ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეებმა და მაღაზიების მფლობელებმა გარემოვაჭრეების წინააღმდეგ გამართეს, ოთხი ადამიანის დაკავებით დამთავრდა.
ვაგზლის მოედანზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი გზის გადაკეტვას შეეცადა, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.
„ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ ქუჩის ვაჭრობა არ იყოს, რომ აქ სისუფთავე და სილამაზე იყოს“, — განუცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს.
ქუჩის მოვაჭრეებმა დაშლაზე უარი თქვეს და განაცხადეს, რომ მათ ბაზარში ვაჭრობისთვის საფასურის გადახდის შესაძლებლობა არა აქვთ.
პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დაკავებულებს 250-დან 2000 ლარამდე ჯარიმა ემუქრებათ.
საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები დაშლას მანამდე არ აპირებენ, სანამ მათ თბილისის მერიის წარმომადგენელი არ შეხვდება.