თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოში შეხვედრებს მართავენ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ბორის ცილევიჩი და კერსტინ ლუნდგრენი ქვეყანაში არსებული ვითარების შესწავლის მიზნით თბილისს ეწვივნენ. ვიზიტის პირველ დღეს ისინი შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შეხვედრებზე ძირითადი ყურადღება ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მომზადებას დაეთმო.
"მე მგონი, არანაირი კითხვა არ ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა არის მაქსიმალურად გამჭვირვალე და ჩართულობითი. მომართული ვართ, რომ მაქსიმალურად დაახლოვდეს პოზიციები და შევძლოთ კონსენსუსით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება", — განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებთან შეხვედრის შემდეგ.
ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 28 მარტს დაიწყო, დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენლებთან, მათ შორის პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან, სახალხო დამცველ უჩა ჯაფარიძესთან, ასევე საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებთან.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელთა დელეგაციის ვიზიტი 31 მარტს დასრულდება.
კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით წინადადებებს შორისაა ქვეყნის გადასვლა მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე, პრეზიდენტის უფლებამოსილებების შემცირება, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება, სახალხო დამცველის უფლებამოსილების გაფართოება, პრეამბულაში ქვეყნის საგარეოპოლიტიკური კურსის მითითება, დეპუტატების ერთმანდატიანი ოლქებიდან არჩევნების გაუქმება და სხვა.
შესწორებების საბოლოოს ტექსტის შემუშავების შემდეგ, 30 აპრილამდე კანონპროექტი პარლამენტში შევა. შემდეგ საკანონმდებლო ორგანო შესწორებებს საყოველთაო განხილვისთვის გამოიტანს. განხილვა ერთ თვეს გაგრძელდება. ამის შემდეგ პროექტი პარლამენტს დაუბრუნდება და დაიწყება მისი კომიტეტებში გარჩევა.
კონსტიტუციაში შესწორებები მიღებულად ჩაითვლება, თუ ზედიზედ ორ მომდევნო სესიაზე სამი თვის ინტერვალით მას სამი მოსმენით ხმას მისცემს პარლამენტის 113 დეპუტატი. შემდეგ მას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.