თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის სპიკერმა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლის შესაძლებლობას უნიკალური უწოდა.
საკონსტიტუციო კომისია მუშაობას შაბათს შეუდგა — ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან ორი თვის შემდეგ. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მმართველ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოს“ ხვდა წილად. ამასთან, მათ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვეს, რაც საშუალებას იძლევა ერთპიროვნულად შეცვალონ ნებისმიერი კანონი, მათ შორის კონსტიტუცია.
მანამდე ხელისუფლება აცხადებდა, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ფართო კონსენსუსის საფუძველზე მოხდება. საკონსტიტუციო კომისიაში 73 ადამიანი — ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, ოპოზიციის, ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი შევიდა.
„ჩვენ გვაქვს უნიკალური და ისტორიული შანსი ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაყალიბოთ ისეთი დოკუმენტი და მივიღოთ ისეთი კონსტიტუცია, რომელიც მთლიანად იქნება შესაბამისობაში კონსტიტუციური უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებთან“, — განაცხადა კობახიძემ კომისიის პირველი სხდომის გახსნისას.
როგორც მან განმარტა, საკონსტიტუციო უმრავლესობა შეუდგება არსებული უზუსტობების, მათ შორის, ხელისუფლების გადანაწილების საკითხში შესწორებას.
პირველ სხდომაზე კომისიის წევრებმა საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს და სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრეს.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა პარლამენტის 33 დეპუტატით — „ქართული ოცნების“ 23 წარმომადგენლით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 8 წევრითა და „პატრიოტთა ალიანსის“ ორი წევრითაა დაკომპლექტებული.
საკონსტიტუციო კომისიაში ოპოზიციურ სპექტრს „თავისუფალი დემოკრატები“, „დემოკრატიული მოძრაობა“, „ლეიბორისტული პარტია“ და“ სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმოადგენენ, რომელთაც 1-1 წარმომადგენელი ჰყავთ კომისიაში.
საკონსტიტუციო კომისიის წევრია ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, სახალხო დამცველი, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საქართველოს ხელისუფლებამ უკვე აღნიშნა, რომ პირველ რიგში კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების შეტანას გეგმავს, რომელიც პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ძალთა ბალანსს უზრუნველყოფს, ასევე ცვლილებას შეიტანს საარჩევნო სისტემაში. გარდა ამისა, იგეგმება ქორწინების განსაზღვრების დაკონკრეტება — რომ ის მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის კავშირია.
საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო პროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა იყოს მზად, რის შემდეგაც დაიწყება საყოველთაო განხილვა სა საპარლამენტო მოსმენები.