უკრაინის პრემიერი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა

© FB / Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი და ვლადიმირ გროისმანი
გიორგი კვირიკაშვილი და ვლადიმირ გროისმანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულმა მხარემ უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ გროისმანი მოიწვია ფორუმზე "აბრეშუმის გზა", რომელიც თბილისში ნოემბერში გაიმართება.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ გროისმანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით შემოდგომაზე ეწვევა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

შეთანხმება ვიზიტის შესახებ გროისმანისა და მისი ქართველი კოლეგის გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრაზე შედგა. საქართველოს პრემიერი კვირიკაშვილი უკრაინას ორშაბათს ეწვია. ერთდღიანი ვიზიტის მსვლელობისას საქართველოს პრემიერმა მონაწილეობა მიიღო დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის — სუამ-ის სხდომაში, რომელსაც წელს საქართველო ხელმძღვანელობს.

პაველ კლიმკინი - Sputnik საქართველო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში გადაიდო

კვირიკაშვილმა თავისი კოლეგა მოიწვია ფორუმზე "აბრეშუმის გზა", რომელიც თბილისში ნოემბერში გაიმართება.

შეხვედრაზე აღინიშნა ბოლო პერიოდში საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკა. პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სხვა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი წელს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა მესამე ვიზიტი იქნება. უახლოეს პერიოდში საქართველოს ესტუმრებიან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.

2017 წელს საქართველო და უკრაინა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ. დიპლომატიური ურთიერთობები ქვეყნებს შორის 1992 წლის 22 ივლისს დამყარდა.

2015 წლიდან საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების განელება შეიმჩნეოდა. როგორც კვირიკაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, უკრაინასთან ასეთი ურთიერთობები ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორმა განაპირობა.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა, ხოლო 2015 წლის მაისში მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

საქართველოს პროკურატურამ 2013 წელს სააკაშვილის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეები აღძრა და უკრაინის ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტის გადმოცემის თხოვნით არაერთხელ მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. 2015 წლის მაისში სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა და ეს თანამდებობა 2016 წლის სექტემბრამდე ეკავა. ამის შემდეგ პოროშენკოსა და სააკაშვილის გზები გაიყო — ყოფილი გუბერნატორი ოპოზიციაში გადავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0