თბილისი, 16 მარტი — Sputnik. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საქართველოში ვერ ჩამოვა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაზე დაყრდნობით.
უკრაინის პირველი დიპლომატი ოფიციალური ვიზიტით თბილისში ჩამოსვლას 17-18 მარტს გეგმავდა. კლიმკინსა და მის ქართველ კოლეგა მიხეილ ჯანელიძეს უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კიევში ვიზიტი უნდა განეხილათ.
"უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ ჩამოვა", — განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.
როდის ჩამოვა კლიმკინი თბილისში — უცნობია.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად თბილისს უნდა ეწვიოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო. მისი ვიზიტი ძალაში რჩება, აღნიშნეს საგარეო უწყების პრეს-სამსახურში.