თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა სერბეთის წინააღმდეგ მატჩი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში თბილისში 1:3 წააგო. გუნდს კვლავ ორი ქულა აქვს და შესარჩევ D ჯგუფში კვლავ მეხუთე ადგილზეა.
მატჩში პირველი გოლი ქართველებმა გაიტანეს. გამოცდილი კოლაროვის შეცდომით ნიკა კაჭარავამ ისარგებლა და მასპინძლები დააწინაურა.
უნდა აღინიშნოს, რომ სერბები პირველ ტაიმში საკმაოდ ხშირად ცდებოდნენ და მეტოქეს საჯარიმო მოედანზე საშიში მომენტების შექმნის საშუალებას აძლევდნენ.
ასე, ორი რეალური შანსი ჰქონდა ვაკო ყაზაიშვილს.
"სამწუხაროდ, ისტორია კიდევ ერთხელ გამეორდა – არ ვიყენებთ საგოლე შესაძლებლობებს, ვუშვებთ ინდივიდუალურ შეცდომებს. მე არ შემიძლია, თვითონ გავიდე მინდორზე და მომენტები გამოვიყენო", – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გამოუყენებელი ეპიზოდების შესახებ საუბრისას.
შესვენებაზე გუნდები რომ გავიდნენ, 1:1 იყო. სერბებმა ქართველების კარში 11–მეტრიანი საჯარიმო დარტყმა წარმატებით განახორციელეს მას შემდეგ, რაც ოთარ კაკაბაძემ საჯარიმო მოედანთან ფილიპ კოსტიჩი წააქცია.
"ვფიქრობ, რომ დროს, როცა ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა, ამან ფსიქოლოგიურად გაგვტეხა. ეს თამაშის გარდამტეხი მომენტი იყო", – განაცხადა ვაისმა.
მართლაც, ისტორია მეორდება. მეორე ტაიმში მასპინძლებმა მეტოქის კარში ვერცერთი რეალური საგოლე მომენტი ვერ შექმნეს, თუმცა თვითონ ორი "ბავშვური" შეცდომა დაუშვეს და ამის გამო "ზღეს" კიდეც.
64–ე წუთზე სერბეთის ნაკრები ალექსანდრ მიტროვიჩმა დააწინაურა, ხოლო მატჩის მიწურულს, 86–ე წუთზე გამარჯვება საბოლოოდ გააფორმა მიიატ გაჩინოვიჩმა.
"გაბრაზებული ვარ! ეს ყველაფერი ჩვენ გამო მოხდა და მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დავადანაშაულოთ. როცა ასეთ დონეზე მომენტებს ქმნი, უნდა შეაგდო და არც ასე მარტივად უნდა მიიღო გოლები. გოლს რომ ვუშვებთ, ან კარგად ვიწყებთ თამაშს ან ცუდად – სტაბილურად ჯერ არ გამოგვდის".
"ამ შესარჩევ ციკლში ყველაზე ცუდი პირველი ტაიმი ჩავატარეთ. ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს ფეხბურთელებს მინდორზე ეძინათ. ქართველებს, რომლებმაც პირველი 45 წუთი კარგად ითამაშეს, 2:0 რომ წაეყვანათ ანგარიში, გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდებოდა", – განაცხადა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა.
ამ გამარჯვების წყალობით სერბები ჯგუფში ლიდერი გახდნენ, რადგან პარალელურ მატჩში ირლანდიამ და უელსმა ქულები გაიყვეს.
ამ შესარჩევი ციკლის დაწყებამდე საქართველოს ნაკრებისა და ვაისის წინაშე იდგა ამოცანა – ჯგუფში მესამე ადგილი, თუმცა სერბეთთან წაგებამ ამ ამბიციურ პროექტს საბოლოოდ მოუღო ბოლო.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შესარჩევ მატჩს 11 ივნისს მოლდოვის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.