თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა (U-21) ფეხბურთში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ ამხანაგურ მატჩში ისლანდიელი თანატოლები ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
გია გეგუჩაძის აღსაზრდელები მეშვიდე წუთზე დაწინაურდნენ, მას შემდეგ, რაც ოთარ კიტეიშვილმა გიორგი ხარაიშვილის ჩაწოდება თავური დარტყმით დაასრულა.
სტუმრებმა ანგარიში 59-ე წუთზე გაათანაბრეს. ქართული გუნდის დაცვამ უხეში შეცდომა დაუშვა და ეინარსონმა დარტყმა, ფაქტობრივად, ცარიელ კარში განახორციელა.
დარჩენილ დროში მასპინძლებმა რამდენიმე შეტევა განახორციელეს, რასაც შედეგი მოყვა — იტალიური „ემპოლის" მოთამაშემ რომან ჭანტურიამ დუბლი შეასრულა.
თავდამსხმელმა ჯერ კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის დაწყებული კომბინაცია დაასრულა გოლით 67-ე წუთზე, შეხვედრის ბოლო წუთებზე კი ის ისლანდიური ნაკრების მეკარის პირისპირ აღმოჩნდა და შეხვედრის მესამე გოლი გაიტანა.
„სასიამოვნოა, რომ დადებით შედეგს მივაღწიეთ, მაგრამ მატჩს სხვა მიზანიც ჰქონდა — ახალი მოთამაშეების დათვალიერება, რადგან ახლა, ფაქტობრივად, ახალი გუნდი იქმნება და ჩვენ ძალიან ბევრ ფეხბურთელს ვათვალიერებთ, და ამ ამხანაგური მატჩის შემდეგ უკვე ძირითად შემადგენლობაზე შევჯერდებით", — განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს U-21 ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ.
შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას ქართული გუნდი ისევ ისლანდიის წინააღმდეგ კვლავ თბილისში გამართავს. მატჩი 25 მარტს გაიმართება.
გეგუჩაძის გუნდის კიდევ ერთი უკვე გასვლითი ტესტ-მატჩი მონტენეგროს წინააღმდეგ 12 ივნისს ჩატარდება.
ყველა ამხანაგურ შეხვედრას ნაკრები გუნდები ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მომზადების ფარგლებში ატარებენ.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მესამე ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან დანიის, პოლონეთის, ფინეთის, ლიტვისა და ფარერის კუნძულების გუნდები.