ილია მეორე: ავტოკეფალია – ეს არ არის მხოლოდ სახელი, ეს არის დიდი მადლი

© Sputnik / Alexander Imedashviliსამების ტაძარი
სამების ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, იუწყება საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებ–გვერდი.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე და სხვები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სინოდის წევრები და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები.

სვეტიცხოველი - Sputnik საქართველო
თბილისში ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ას წლისთავს იზეიმებენ

ღონისძიება გახსნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მან საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ეკლესიამ თვითმყოფადობის შენარჩუნება ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი შეძლო.

სამშობლოსადმი ერთგულებისა და თავგანწირვის მაგალითი ეკლესიის მრავალმა საჭეთმპყრობელმა და სულიერმა მამამ მოგვცა და დიდი პატივია, რომ ვართ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის თანამედროვენი აღნიშნა კობახიძემ.

"განუზომელია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ღვაწლი საქართველოს თავისუფლებისა და აღორძინებისთვის ბრძოლის საქმეში… თითოეული ჩვენგანის ვალია, გავუფრთხილდეთ საქართველოს ეკლესიას და მის ავტოკეფალიას… დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ეკლესია კვლავ შეასრულებს განსაკუთრებულ როლს საქართველოს აღორძინების საქმეში", — მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონფერენციის მონაწილეებს.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მან ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მნიშვნელობასა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დამსახურებაზე ისაუბრა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: უფლის წყალობა იცავს საქართველოს

"საქართველოს იდენტობა, ჩვენი ერის უძლეველი ისტორია არის თავიდან ბოლომდე გადაჯაჭვული ეკლესიასთან. ჩვენი თვითმყოფადობის გამოკვეთა მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველომ მიიღო ქრისტიანობა", — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ასი წლის წინ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის დაბრუნებამ ერის ცნობიერებაში გარდამტეხი როლი შეასრულა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სასულიერო პირები ქვეყნისთვის უკიდურესად მძიმე წუთებში ყოველთვის იცავდნენ ერისა და ქვეყნის ინტერესებს.

"ამ მხრივ განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის მის უწმინდესობას — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს, ჩვენს სულიერ მამას, რომელიც 40 წელია საქართველოს ისტორიას უდგას სათავეში და რომლის დამსახურებაც გახლავთ ჩვენი სამშობლოს წინაშე ის, რომ 1990 წელს კიდევ ერთხელ, საერთაშორისო მასშტაბით განმტკიცდა ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია", — აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ–მინისტრის განცხადებით, 2017 წელს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ასი წლისთავი, პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლისთავი და დაბადებიდან 85 წლის იუბილე აღინიშნება. პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, აღნიშნულ თარიღებს მნიშვნელოვანი ღონისძიებები მიეძღვნება.

© Sputnik / Alexander Imedashviliსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სვეტიცხოველში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სვეტიცხოველში - Sputnik საქართველო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სვეტიცხოველში

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორესა და მთელ ქართველ ერს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი პირადად და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების სახელით მიულოცა, ასევე რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის, ფრანცისკის მილოცვა გადასცა დიპლომატიური კორპუსის დუაენმა საქართველოში მონსინიორ მარეკ სოლჩინსკიმ.

"მინდა ყველა თქვენგანს პირადად გადმოგცეთ რომის პაპის, ფრანცისკის მილოცვა. მისმა უწმინდესობამ პაპმა მთხოვა გადმომეცა უღრმესი პატივისცემა და ლოცვა-კურთხევა საქართველოს ხელისუფლებისთვის", — განაცხადა მონსინიორ მარეკ სოლჩინსკიმ.

კონფერენციის მონაწილეებს მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.

"მე ვფიქრობ, ყველაფერი ხდება ღვთის განგებით და ღვთის ნებით… ავტოკეფალია ეს არის დიდი მონაპოვარი, დიდი ძალა, რომელიც ეძლევა ამა თუ იმ ერს და მეხუთე საუკუნეში, როცა ვახტანგ გორგასალმა მოიპოვა ავტოკეფალია, ეს იყო დასაწყისი ამ დიდი მადლისა. ავტოკეფალია ეს არ არის მხოლოდ სახელი, ეს არის დიდი ძალა, დიდი მადლი. ვინ ვიქნებოდით ჩვენ, ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო? ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი კულტურა, ჩვენი ენა, ჩვენი ეკლესია და ჩვენ ვმადლობთ უფალს. ჩვენ დღეს ქედს ვიხრით დიდი მამების წინაშე — კირიონის, ლეონიდეს, ამბროსის, ქრისტეფორეს, კალისტრატეს, მელქისედეკის, ეფრემის, დავითის და სხვა წმინდა მამების წინაშე. მე ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, რომელიც დღეს აქ ბრძანდებით და აღნიშნავთ ავტოკეფალიის აღდგენის ასი წლისთავს", — ბრძანა ილია მეორემ.

კონფერენციის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა დამსწრეები დალოცა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ხატი უსახსოვრა.

ყველა ახალი ამბავი
0