თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა, აკურთხა წყალი და მრევლს უფლის ნათლისღება მიულოცა.
19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს – ნათლისღებას აღნიშნავს. ამ დღეს მონათლა იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე.
„გმადლობთ უფალს, რომ უფლის წყალობა იცავს საქართველოს. მადლობა უფალს უდიდესი წყალობისთვის“, – ბრძანა ილია მეორემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ მოსახლეობას მოუწოდა, სახლსა და ოჯახის წევრებს პერიოდულად ნაკურთხი წყალი ასხურონ, რათა ღვთის მადლი მუდამ მათთან იყოს.
„დღეს ჩვენ ვაკურთხეთ წმინდა წყალი. ეს არის უდიდესი სიწმინდე. უნდა ასხუროთ თქვენს შვილებს, თქვენს ოჯახებს, თქვენს ეზო–კარს და მადლი ღვთისა მუდამ იქნება თქვენთან“, – ბრძანა კათოლიკოს–პატრიარქმა.
სახარების მიხედვით, ეს დღესასწაული უკავშირდება მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლისღებას, ანუ მონათვლას, სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ნათლობის წესი და საეკლესიო პირველი საიდუმლო.
საეკლესიო სწავლების მიხედვით, მაცხოვარმა იორდანეში თავისი სამგზის შთაფვლით განწმინდა წყლები.