თბილისში ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ას წლისთავს იზეიმებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსვეტიცხოველი
სვეტიცხოველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს აღნიშნავს.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ასი წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი ილია მეორე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გამართულ საზეიმო ლიტურგიას დაესწრება.

საზეიმო ლიტურგია 25 მარტს 10:00 საათზე აღევლინება. გარდა ამისა, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის იუბილესთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

გამოფენა,,ავტოკეფალია 100", რომელზეც წარმოდგენილი იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასა და მუზეუმში დაცული საეკლესიო უნიკალური გამოცემები და ხელნაწერები, 23 მარტს 10:00 საათზე გაიხსნება. წარმოდგენილი ნამუშევრები არამარტო თავიანთი ისტორიული მნიშვნელობით, არამედ მაღალმხატვრული პოლიგრაფიითა და კალიგრაფიით გამოირჩევიან.

პატრიარქი პიმენი - Sputnik საქართველო
პატრიარქი პიმენი: ქართული ეკლესია წმინდა მართლმადიდებლობის სიწმინდის დამცველია

დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ მეორის პირადი წიგნების კოლექციის ნაწილს, გაიხსენოს ქართული წიგნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეტაპები და პოლიგრაფიული ცენტრები, რომლებიც ფუნქციონირებდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

გამოფენაზე აგრეთვე წარმოდგენილი იქნება ავტოკეფალიის აღდგენის პროცესში მონაწილე სასულიერო პირების ფოტოები (კირიონ II, ლეონიდეს, კალისტრატე ცინცაძის, ამბროსი ხელაიას და სხვათა).

დამთვალიერებლისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება ის უნიკალური საარქივო ხელნაწერები, რომლებიც დოკუმენტურად ასახავენ 100 წლის წინ საქართველოში ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით განვითარებულ რთულ პროცესს.

ავტოკეფალიის აღდგენის ასი წლისთავს ასევე სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნება. კონფერენციაში მონაწილე საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები, საპატრიარქოს წარმომადგენლები წაიკითხავენ ამ უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენისადმი მიძღვნილ მოხსენებებს, ისაუბრებენ ამ საკითხთან დაკავშირებულ საზოგადოებისთვის უცნობ ფაქტებზე.

ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და საპატრიარქო რუსეთის საიმპერატორო კარმა 1811 წელს გააუქმა და საქართველოს საეგზარქოსო დააარსა, რომელიც რუსული ეკლესიის სინოდს ემორჩილებოდა.

ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქად ცნობილი საეკლესიო მოღვაწე კირიონ მეორე აირჩიეს.

1989 წელს ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც მეხუთე საუკუნიდან არსებობს, მსოფლიო საპატრიარქომ დაადასტურა. 1977 წლიდან დღემდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეა.

ყველა ახალი ამბავი
0