ბესიკ ფიფია
1977 წლის 23-26 დეკემბერს, იმ დღეებში იმყოფებოდა, როდესაც სრულდებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ასორმოცდამეექვსე წინამძღოლის აღსაყდრება.
სიონის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლის მიძინების აღსანიშნავად გაიმართა 1918 წელს ავტოკეფალიის აღდგენიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის XII კრება, რომელზეც ფარული კენჭისყრით საქართველოს ეკლესიის წინამძღოლად ერთხმად აირჩიეს ილია მეორე — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოძღვარი, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი.
უწმინდესი პატრიარქი პიმენი ტაძარში სიტყვით გამოვიდა. კერძოდ, მან თქვა: „ჩვენ ამ წმინდა ტაძრის კედლებში განსაკუთრებული გრძნობით შემოვედით. აქ არის ჩვენი საყვარელი უწმინდესი ქართული ეკლესია… უძველესმა ქართულმა ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრავალი სახელოვანი და ნათელი ფურცელი ჩაწერა ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში. იგი იყო და რჩება წმინდა მართლმადიდებლობის სიწმინდის დარაჯად“…
საქართველოს ძველ დედაქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში, 25 დეკემბერს საღვთო ლიტურგია გაიმართა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებას მიეძღვნა. პატრიარქი პიმენი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილიას მიესალმა და მას ღვთისმშობლის ვლადიმირის ხატი, ორი უძვირფასესი პანაღია და ჯვარი გადასცა.
იმავე დღეს სასტუმრო „ივერიაში“ საქართველოს ეკლესიის ახალმა წინამძღვარმა, აღსაყდრების ზეიმთან დაკავშირებით მიღება გამართა, რომელსაც 300-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. სადილზე ბრძანდებოდნენ პატრიარქი პიმენი, რომელმაც ძმური ტრაპეზი ძველი ქრისტიანების აღაპს შეადარა. „წმინდა სასულიერო ტრაპეზიდან, სადაც
მოხდა უსისხლო შეწირვა და რომელიც ჩვენი სულიერი განყოფლობის მოწმედ გადაიქცა, ჩვენ ამ მეგობრულ აღაპზე მოვედით, — თქვა პატრიარქმა პიმენმა. — ჩვენ ამ ზეიმზე სიხარულით მოვედით… ჩვენ გვჯერა, რომ უძველესი ქრისტიანული მართლმადიდებელი ეკლესია გაამრავლებს და გააძლიერებს თავის მონაწილეობას მართლმადიდებელთა შორის, ღვთის სადიდებლად, მისი შემოქმედების გვირგვინის — ადამიანის საკეთილდღეოდ… იმედი გვაქვს, რომ მეგობრობა და თანამშრომლობა ქართული და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიებისა ძალზე ამაღლდება“…
ახალმა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პატრიარქ პიმენს და ეკლესიათა წარმომადგენლებს აღსაყდრების დღესასწაულზე მოსვლისა და ლოცვისთვის მადლობა გადაუხადა. თავის სიტყვაში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა, რომ მან ქრისტიანული სარწმუნოება ჯერ კიდევ IV საუკუნეში მიიღო. "ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ იმ ქვეყნის შვილები ვართ, სადაც უფალი იესო ქრისტეს კვართი ინახება, და რომ იმ ქვეყანაში დავიბადეთ და ვიზრდებოდით, რომელიც ღვთისმშობლის წილხვედრი გახდა, — თქვა ილია მეორემ. — ჩვენ ვართ იმ წინაპრების შთამომავლები, რომელთა შორისაც ანდრია პირველწოდებული და სიმონ კანანელი ქადაგებდნენ. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ამ უმაღლესი მოციქულებიდან სიმონ კანანელი საქართველოში აღესრულა და დაკრძალულია ახალ ათონში“.
თანამედროვეობაზე საუბრისას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაძღოლმა თქვა, რომ ჩვენ ვამაყობთ სახელოვანი ისტორიული წარსულით, მაგრამ ნათელი მომავლის შექმნისთვისაც უნდა ვიფიქროთ და ამ თვალსაზრისით ხალხისა და ეკლესიის ერთიანობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
პატრიარქი პიმენი 26 დეკემბერს მიიღო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ პავლე გილაშვილმა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებული თენგიზ ონოფრიშვილი. იმავე დღეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია პატრიარქ პიმენის ხელმძღვანელობით მოსკოვს გაემგზავრა. თბილისის აეროპორტში დელეგაცია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მეთაურობით გააცილეს.