თბილისი, 24 მარტი — Sputnik. თბილისის საბაგირო გზებით მგზავრობა, შესაძლოა, გაძვირდეს და 2 ლარი გახდეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия დედაქალაქის მერიის საქალაქო სატრანსპორტოს სამსახურზე დაყრდნობით.
ამჟამად თბილისში ფუნქციონირებს საბაგირო გზა, რომელიც რიყის პარკს ნარიყალასთან აკავშირებს და მეორე – ჭავჭავაძის გამზირს – კუს ტბასთან.
"დღესდღეობით საბაგიეროებით სარგებლობის საფასური შეადგენს 1 ლარს. თუმცა, მისი თვითღირებულება არის 1.95 ლარი. ანუ, 95 თეთრს ქალაქის ბიუჯეტი აფინანსებს. იმ შემთხვევაში, თუ საბაგირო გზა 2 ლარი ეღირება, ის რენტაბელური იქნება", – განმარტეს მერიაში.
მერია სხვადასხვა შეღავათიან მგზავრობებს ყოველწლიურად აფინანსებს 64 000 000 ლარით, აქედან 1 720 000 მილიონი მხოლოდ საბაგირო გზების დაფინანსებას ხმარდება.
"თუ დღეს ავტობუსითა და მეტროთი მგზავრობა 50 თეთრი ღირს მოქალაქეთა ჩვეულებრივი ჯგუფებისთვის, რეალურად მისი თვითღირებულება ბევრად მეტია", – განაცხადეს მერიაში.
მაგალითად, ავტობუსით მგზავრობის რეალური თვითღირებულება 75 თეთრია, ხოლო მეტროთი – 61 თეთრი. დანარჩენ თანხას, შესაბამისად, მერია იხდის, აღნიშნეს უწყებაში.
ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს საბაგირო გზასთან, რომელიც მგზავრობის საშუალება არ არის და უმეტესად კულტურულ–შემეცნებითი მიზნებისთვის არის განკუთვნილი, განაცხადეს მერიაში.
"ამასთან, მგზავრების 80% უცხოელი ტურისტია. ჩვენი პოზიცია ასეთია, რომ მერია არ უნდა აფინანსებდეს მგზავრების, მათ შორის უცხოელი ტურისტების კულტურულ–გასართობ ღონისძიებებს. მერია მზადაა, მომავალშიც დააფინანსოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. მაგრამ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია, დავაფინანსოთ კულტურულ–გასართობი ღონისძიებები, ამ შემთხვევაში – საბაგირო გზა", – აღნიშნეს მერიაში.
ტარიფის გაზრდის ინიციატივა განსახილველად უკვე გადაგზავნილია თბილისის საკრებულოში.