თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველო ქვეყანაა, სადაც ძალიან მარტივია ბიზნესის დაწყება და კეთება, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პირველ ბიზნესფორუმზე "საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები" სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიება, რომელიც კომპანიის Business Information Agency ორგანიზებით გაიმართა, ორშაბათს გაიხსნა, განაცხადეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.
ფორუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, რათა საქართველო წარმოჩინდეს, როგორც ინვესტიციების განხორციელებისთვის მიმზიდველი ქვეყანა, აღნიშნა ქუმსიშვილმა.
"ქვეყანა, სადაც თქვენ გაქვთ მთავრობის ყველანაირი მხარდაჭერა და შექმნილია ბიზნესგარემო, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, რომ ძალიან სწრაფად და მარტივად დაიწყოთ თქვენი ბიზნესი; ეს არის ქვეყანა, რომელმაც ძალიან კარგად გამოიარა 2014 წლიდან 2017 წლის დასაწყისამდე რეგიონში არსებული კრიზისი", — განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველოს დღეს უკვე გააჩნია შესაძლებლობა, საკმაოდ გამართული შეხვდეს მომდევნო 3-4 წელიწადს იმისათვის, რომ როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოში იყოს ერთ-ერთი წარჩინებული ქვეყანა.
ფორუმის რომელიც წელიწადში ორჯერ ჩატარდება, მიზანია საქართველოს ფინანსური ბაზრების, საინვესტიციო შესაძლებლობებისა და გამოწვევების, ასევე ქვეყნის მრეწველობის ყველა საკვანძო დარგის ტენდენციების კვლევა.
ფორუმში მონაწილეობენ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ქართველი მეწარმეები, საელჩოები, უცხოელი ინვესტორები, ვენჩურული კომპანიები, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები, საინვესტიციო ბანკები და სხვა.
ისინი განიხილავენ ქმედებებს, რომლებიც ისახავს მიზნად ვენჩურული კაპიტალის ბაზრის სრულყოფას და ადგილობრივი კომპანიებისთვის საფინანსო რესურსებთან წვდომის გამარტივებას.
გარდა ამისა, სახელმწიფო ორგანოებს გააცნობენ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რომლებიც ეხება მეწარმეობასა და მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვას. ფორუმთან პარალელურად გაიმართება Shop Fest–ი, სადაც კომპანიები სტუმრებს საკუთარ საქონელსა და მომსახურებას წარუდგენენ, პარტნიორულ ურთიერთობებს დაამყარებენ და განსაკუთრებული პირობებისა და ფასების დახმარებით ახალ კლიენტებს მოიზიდავენ.
ქართული ბიზნესის წარმომადგენლები პოტენციურ უცხოელ ინვესტორებთან, საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლებთან და მეწარმეებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ.