ჩვენს წელთაღრიცხვით 44 წელს, 15 მარტს, რომში, შეთქმულებმა სიცოცხლეს გამოასალმეს ღმერთების სწორი გაიუს იულიუს კეისარი. დილით, სენატისკენ მიმავალ იმპერატორს გზად შემოხვდა წინასწარმეტყველი სპურინა, რომელმაც ადრე გააფრთხილა მარტის იდებს ერიდეო (იდებს, რომაულ კალენდარში ეძახდნენ ყოველი თვის 13 და 15 რიცხვს). "მარტის იდები უკვე დადგა"-ო გახუმრებია იულიუსი. დიახ დადგა, მაგრამ ჯერ არ დასრულებულაო უპასუხია სპურინას. სენატის შენობაში კი, უკვე ემზადებოდნენ შეთქმულები ბრუტუსისა და კასიუსის მეთაურობით. საინტერესოა, რომ კეისრის მკვლელობაში მონაწილეთაგან არც ერთს არ უცოცხლია 3 წელზე მეტი და ყველა მათგანი ტრაგიკულ ვითარებაში დაიღუპა. ერთნი ზღვაში ჩაიძირენ თავიანთ გემებთან ერთად, მეორენი ბრძოლებში დაეცენ, რომაელი ისტორიკოსის სვეტონიუსის ცნობით კი, რამდენიმე მათგანმა თავი მოიკლა ზუსტად იმ ხანჯლით, რომლითაც კეისარს გაუსწორდნენ.
1879 წლის 15 მარტს პარიზის პოლიციის პრეფექტურაში მუშაობა დაიწყო ალფონს ბერტილიონმა- ადამიანმა, რომლის ღვაწლიც განუზომელია კრიმინალისტური მეცნიერების განვითარებაში. ბერტილიონი გახლდათ ანთროპომეტრული სისტემით დამნაშავეთა რეგისტრაციის შემოქმედი, რომელიც 14 პარამეტრით განისაზღვრებოდა (სიმაღლე, ხელების, თითების სიგრძე, ფეხის ზომა, თავის ქალას გარშემოწერილობა და ა. შ.).მასვე ეკუთვნის სიტყვიერი პორტრეტის შექმნისა და მახასიათებელი ნიშნების აღწერის იდეა. 1880 წლიდან მოყოლებული მის მეთოდებს იყენებდნენ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის პოლიციაში, სანამ იმავე საუკუნის ბოლოს დაქტილოსკოპიური იდენტიფიკაცია არ შემოვიდა.
1792 წლის 16 მარტს, სტოკჰოლმის სამეფო სასახლეში გამართულ ბალ-მასკარადზე იაკობ იუჰან ანკარსტრემმა პისტოლეტიდან გასროლით მოკლა შვედეთის მეფე გუსტავ მესამე, რომელიც ვენეციელი დოჟის კოსტუმში იყო გამოწყობილი. წვეულებამდე ერთი საათით ადრე, ანონიმმა ინფორმატორმა მონარქი წერილობით გააფრთხილა, რომ მასზე თავდასხმა მზადდებოდა, თუმცა მეფემ ბარათი მოისროლა და ბრძანა: "თუ ვინმეს ჩემი მოკვლა უნდა, ამაზე უკეთეს ადგილს ვერც ვინატრებდი"-ო და დარბაზში შევიდა. სწორედ გუსტავ მესამის მკვლელობა დაედო საფუძვლად ვერდის ცნობილ ოპერა "ბალ-მასკარადის" სიუჟეტს.
1441 წლის 19 მარტს მოსკოვში დაბრუნდა მიტროპოლიტი ისიდორე (წარმოშობით ბერძენი), რომელმაც 1439 წელს ფლორენციაში გამართულ საეკლესიო კრებაზე ხელი მოაწერა მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების გაერთიანების უნიას და რომის პაპი უმაღლეს მღვდელთმთავრად აღიარა. მოსკოვის დიდმა მთავარმა ვასილი მეორემ მიტროპოლიტი მართლმადიდებლობის მოღალატედ გამოაცხადა, საეკლესიო სასამართლომ კი პატიმრობა მიუსაჯა. რაღაც მანქანებით, მიტროპოლიტი სამი თვის თავზე ციხიდან გამოიქცა, რომში ჩავიდა, გახდა კარდინალი და კონსტანტინეპოლის პატრიარქადაც აკურთხეს, თუმცა იქ უკვე თურქი დამპყრობლები ბატონობდნენ.
ეს გახლდათ მოკლე ჩამონათვალი ამბებისა, რომლებიც თქვენს სამჯავროზე გამოსატანად და საინტერესოდ მივიჩნიე. მშვიდობიან კვირას გისურვებთ.