ოცი წუთის გულისთვის საკუთარ თავთან კომპრომისზე წასვლა არ ღირს!

გამოწერა
10 მარტი რისკის საერთაშორისო დღე ყოფილა. რომ დავფიქრდი, ნამდვილად ღირს ამ დღის აღნიშვნა, რადგან რისკი ჩვენი ცხოვრების თანმდევი ატრიბუტია იმ წუთიდან, როცა ამ ქვეყანას მოვევლინეთ.

ეს ხომ მე არ აღმომიჩენია და, აბა, ისე როგორ იქნებოდა, მეცნიერები არ დაინტერესებულიყვნენ ამ საკითხით და უამრავი შრომა, დრო და ენერგია არ ჩაედოთ იმის გასარკვევად, რა არის რისკი, საჭიროა თუ არა და როგორ ავარიდოთ თავი. არც მე დავიზარე, გადავხედე მათი ნაღვაწის შედეგებს და გარკვეული დასკვნებიც გამოვიტანე, რომელთაც ახლა თქვენ სამსჯავროზე გამოვიტან.

თურმე ნუ იტყვით და, დღეში ერთი ღერი სიგარეტის მოწევა ისევე სახიფათოა, როგორც მთელი კოლოფის, და მთელი 69%-ით გაახლოებთ იმ საძაგელ დაავადებას, რომლის მოსპობასაც არ დაადგა საშველი; ამავე დროს ყოველდღე ერთ მუჭა თხილს თუ მიირთმევთ, ამის საშიშროება მკვეთრად იკლებს. დღეში ერთი კვერცხი აგარიდებთ ნაადრევ ინსულტს, იგივე ეფექტი ჰქონია ერთ ჭიქა შავ ღვინოს და ნახევარ ლიტრ ლუდს; თუმცა ასეთი მონაცემებიც შემხვდა: იგივე კვერცხი დიდი რაოდენობით შეიცავს ქოლესტერინს და გაახლოებთ ინფარქტთან, შავი ღვინო კი სისხლში არტერიულ წნევას მაღლა სწევს და დიდი რისკის ქვეშ გაყენებთ, ხოლო დღეში იგივე ნახევარი ლიტრი ლუდი, თურმე, ძალიან გვაახლოებს კიბოსთან.

დალოცვილი ქართული სიმღერა გამახსენდა პეპელაზე, ნურც გაფრინდები და ნურც მოფრინდებიო. რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? როგორ და დავუჯეროთ ძალიან ჭკვიან კაცს მარკუს ავრელიუსს, თუ არ რისკავ, ასჯერ მეტად რისკავო, რომ თქვა. ცხოვრებისეული გამოცდილება მკარნახობს, რომ თუ გავრისკავთ, შესაძლოა დავმარცხდეთ, მაგრამ თუ არ გავრისკავთ, ვერ გავიმარჯვებთ და ვერაფერს მივაღწევთ. იმ მარცხსაც აქვს თავისი დადებითი მხარე – ეს იქნება გაკვეთილი, რომელიც მომავალში გამოგვადგება. სადაც არ არის რისკი, იქ არც სიამოვნებისთვის მოიძებნება ადგილი. ცხოვრებაში ყველას გვქონია რაღაც მიზანი და მის მისაღწევად ბევრი ოფლიც დაგვიღვრია. თუ მეტყვით ერთ ადამიანს მაინც, ვინც რისკის გაწევის გარეშე მიაღწია საწადელს, დავყრი ფარ-ხმალს და ჩავეწერები იმ ადამიანების კატეგორიაში, ვინც არ რისკავს და სინამდვილეში ამით ყველაფერს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მანამდე კი ჩემ აზრზე დავრჩები და თქვენ გადმოსაბირებლად ერთ ამბავს მოგიყვებით, შემდეგ თავად გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა გარისკვა.

ვეგეტარიანულ დიეტას შეუძლია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების განვითარების რისკი შეამციროს - Sputnik საქართველო
ვეგეტარიანელები თუ „ხორცისმჭამელები“ - არჩევანი თქვენზეა

— ერთ უბანში ახალგაზრდები ქეიფობდნენ, მათი მხიარულება და ხორხოცი ნახევარ ქალაქს ესმოდა. უეცრად პროცესია გამოჩნდა, ვიღაცას მოასვენებდნენ. ახალგაზრდებმა იკითხეს, ვინ გარდაიცვალაო და პასუხად მიიღეს ჩვენი უბნის ცნობილი ლოთი რომ იყო, ინფარქტმა დაარტყა და ვასაფლავებთო. ბიჭებს გუნება წაუხდათ, ქეიფის ხალისიც დაეკარგათ და ის იყო უნდა დაშლილიყვნენ, კიდევ ერთმა პროცესიამ გამოიარა. ეს ვიღააო, იკითხეს და აღმოჩნდა მათი ტოლი, სპორტსმენი, სიგარეტს რომ არ ეწეოდა, მათთან დალევასაც გაურბოდა და მთელ დროს ვარჯიშში ატარებდა. თამადამ ჭიქა აიღო, თანამეინახეებს გადახედა, ჩამომისხითო, ითხოვა და თქვა – მოდით გავაგრძელოთ, განსხვავება სულ რაღაც ოცი წუთი ყოფილაო…

ყავის ხე - Sputnik საქართველო
ჯოჯოხეთივით შავი, სიკვდილივით ძლიერი და სიყვარულივით ტკბილი

დასკვნა კი ასეთია, თითოეული ადამიანი თავად ირჩევს ცხოვრების წესს და საკუთარ თავთან თავად არის პასუხისმგებელი. რაც შეეხება რისკს, გარისკეთ, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ გაიგოთ სადამდე შეგიძლიათ მისვლა და სად გადის თქვენი შესაძლებლობების ზღვარი… ოცი წუთის გულისთვის საკუთარ თავთან კომპრომისზე წასვლა არ ღირს!

ყველა ახალი ამბავი
0