თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ინტერპოლი საერთაშორისო ძებნაში აცხადებს აფხაზეთის მკვიდრ რაშიდ კანჯი-ოღლის, რომელსაც საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის დაუსწრებლად შეეფარდა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, ინფორმაცია ამის თაობაზე ინტერპოლის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия.
„ინტერპოლმა დღეს „წითელი ცირკულარი“ ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე აამოქმედა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი მოთხოვნა ჰქონდა გაგზავნილი ინტერპოლში“, — განუცხადა სააგენტოს შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა.
საქართველოს შსს-ში განმარტეს, რომ უწყებამ ინტერპოლს 29 წლის რაშიდ კანჯი-ოღლის ძებნაში გამოცხადების მოთხოვნით რამდენიმე თვის წინ მიმართა, მაგრამ გარკვეული პროცედურების გამო, ეს მხოლოდ ახლაღა მოხერხდა.
შეგახსენებთ: 2016 წლის 19 მაისს ოთხოზორია ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს სოფელ ხურჩაში, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს. ორი დღის შემდეგ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებული დაასახელა — აფხაზეთის დე–ფაქტო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი რაშიდ კანჯი-ოღლი.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ გასული წლის 19 მაისს გიგა ოთხოზორიამ საკუთარი Opel Astra მოდელის ავტომობილით ადმინისტრაციულ საზღვართან ნაცნობები მიიყვანა, რომლებსაც გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის ტერიტორიაზე სურდათ ახლობლის დაკრძალვისთვის შეძენილი პროდუქტის გადატანა. გიგა ოთხოზორიამ მდინარე ხაიაზე ხიდი გადაჭრა, რათა იქ მყოფი პირებისთვის ეთხოვა, დახმარებოდნენ მის ნაცნობებს პროდუქტების გადატანაში. საუბარში ჩაერთო მათთან მდგომი რაშიდ კანჯი-ოღლი, რაც შემდეგ შელაპარაკებაში გადაიზარდა.
კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით ოთხოზორია სოფელ ხურჩისკენ გაბრუნდა, მაგრამ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული რაშიდ კანჯი-ოღლი უკან დაედევნა. იგი ოთხოზორიას ხურჩის ტერიტორიაზე წამოეწია და ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის, ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში რამდენჯერმე ესროლა. ოთხოზორია დაეცა, ხოლო კანჯი-ოღლიმ თავის არეში საკონტროლო გასროლით მოუსწრაფა სიცოცხლე. რის შემდეგაც დატოვა სოფლის ტერიტორია და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა.
გიგა ოთხოზორია საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობა 2016 წელს მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ დანაშაულად იქცა. მკვლელობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა და ქართველებსა და აფხაზებს ნდობის აღდგენისა და დამნაშავის დასჯისკენ მოუწოდა. საქართველოს ხელისუფლებამ კანჯი-ოღლის ქვეყნის საგამოძიებო ორგანოებისთვის გადმოცემის საკითხი არაერთხელ დააყენა, თუმცა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს.
საქართველოს მოქალაქის სიკვდილის საკითხი გახდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში გამართული პირველი შეხვედრის განხილვის საგანი, რომელიც ოთხწლიანი პაუზის შემდეგ მიმდინარე წლის ივლისში პირველად გაიმართა.