თბილისი, 17 მარტი — Sputnik. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო მიესალმება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის მიერ უვიზო რეჟიმის შემოღებას, ამასთან ერთად მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღება გაჭიანურდა.
საქართველოში ვარაუდობდნენ, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს უკვე 2016 წლის ზაფხულიდან შემოიღებდა, მაგრამ ივნისის დასაწყისში საკითხის განხილვა გადაიდო. უვიზო რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილება მიმდინარე წელს მიიღეს. საქართველოს მოქალაქეები 28 მარტიდან შენგენის ზონის ქვეყნებში 180 დღის მანძილზე ჯამში 90 დღის განმავლობაში უვიზოდ შეძლებენ ყოფნას.
"ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოს და დარწმუნებული ვიყავით, რომ საქართველოს უნდა მიეღო უვიზო რეჟიმი ბევრად უფრო ადრე. თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, ყველა მოთხოვნა შეასრულეთ, გაამართლეთ ყველა მოლოდინი და ყველა ძალისხმევა განახორციელეთ, რომ მოთხოვნები შეგესრულებინათ. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი, რომ ისევ არ არის უვიზო მიმოსვლა, მაგრამ მარტის ბოლოს ეს უკვე შესაძლებელი გახდება", — განაცხადა სიიარტომ ქართველ კოლეგასთან მიხეილ ჯანელიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თბილისში.
მან განსაკუთრებით აღნიშნა უნგრეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზეა ორიენტირებული.
"ჩვენი პოლიტიკა ორიენტირებულია, რომ დიპლომატიური არხებით, საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობით მოიძებნოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესაძლებლობა", — განაცხადა ჯანელიძემ.
ამასთან ქართველმა მინისტრმა ისაუბრა მშვიდობის უზრუნველსაყოფად კონფლიქტის ყველა მხარის მიერ საერთაშორისო ნორმების დაცვის მნიშვნელობაზე.
მისი თქმით, კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი ვითარების შესახებ საქართველო დასვამს საკითხს ყველა საერთაშორისო ფორმატსა და ორგანიზაციაში.
საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და რუსეთთან ურთიერთობების დალაგების სურვილის შესახებ. რუსეთთან ურთიერთობები 2008 წელს გაუარესდა, როდესაც რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.
პრესკონფერენციამდე საქართველოს და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირისპირ შეხვედრა გაიმართა, შემდეგ კი მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში ორი ქვეყნის დიპლომატიური უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით გაგრძელდა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პიტერ სიიარტო უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ–მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, ასევე დაგეგმილია მოლაპარაკებები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან.
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში. თანამშრომლობის ძირითადი სფეროებია ეკონომიკა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, კულტურა და განათლება.