თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მნიშვნელოვანი უწოდა აზერბაიჯანში ორდღიან სამუშაო ვიზიტს, სადაც მან მონაწილეობა მიიღო ბაქოს გლობალურ V ფორუმში "საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი: ძალაუფლება და ინტერესები".
ვიზიტის მსვლელობისას, რომელიც 16-17 მარტს გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა აზერბაიჯანელ, ალბანელ და მონტენეგროელ კოლეგებს, მათთან განიხილა საქართველოსა და ამ ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი.
"მნიშვნელოვანია აზერბაიჯანში ვიზიტი და ჩვენ კოლეგებთან მუშაობა, რადგან აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც არაერთ პროექტს ვავითარებთ", — განაცხადა მარგველაშვილმა.
ფორუმის ფარგლებში შეხვედრებისას ქართულ მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა საერთაშორისო კონტექსტში დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ, დასძინა პრეზიდენტმა.
"იყო ასევე რამდენიმე პირისპირ შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ განვამტკიცეთ ჩვენი თანამშრომლობის შესაძლებლობები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან", — განაცხადა მარგველაშვილმა.
ბაქოში მარგველაშვილი შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო მართვის აკადემიის სტუდენტებსა და პროფესორებს, სადაც საქართველოს პრეზიდენტს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს.
ბაქოს გლობალურ ფორუმზე, რომელიც 16-18 მარტს მიმდინარეობს, განიხილება ტრანსატლანტიკური ურთიერთობების, ტერორიზმთან ბრძოლის, საერთაშორისო ურთიერთობებში ჩინეთის როლის, საერთაშორისო უშიშროებისთვის ექსტრემიზმის საფრთხეების საკითხები.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში.