თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაქოში ვიზიტისას აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევთან განიხილა თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალი ჯერ კიდევ სრულად არ არის ათვისებული და არსებობს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვის გაზრდის შესაძლებლობა.
მარგველაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო ღრმად არის დაინტერესებული ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობის შემდგომი განვითარებით.
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს რეგიონში არსებულ ვითარებას და აღნიშნეს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხები საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით უნდა გადაიჭრას.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბაქოს V გლობალურ ფორუმში "საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი" მონაწილეობს.