თბილისი, 13 მარტი — Sputnik. აზერბაიჯანის ეროვნული ავიაგადამზიდი საქართველოში ფრენების სიხშირეს ზრდის — 28 მარტიდან Azerbaijan Airlines (AZAL) ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტის რეისებს კვირაში 8-ჯერ განახორციელებს, 2 მაისიდან კი რეისების რაოდენობა ათამდე გაიზრდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია AZAL-ზე შესაბამისი ნებართვა უკვე გასცა.
ამჟამად Azerbaijan Airlines-ი აღნიშნულ მარშრუტზე ფრენებს კვირაში შვიდჯერ ახორციელებს, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ავიარეისები კვირაში სამჯერ სრულდება — ოთხშაბათს, შაბათსა და კვირას. 28 მარტიდან ერთი რეისი დაემატება კვირას, 2 მაისიდან კი — სამშაბათსა და ხუთშაბათს. რეისები შესრულდება Airbus A319 ტიპის თვითმფრინავით. ავიაკომპანია რეისების განხორციელებას საზაფხულო სანავიგაციო სეზონის დასრულებამდე გეგმავს.
ქართულ ავიაბაზარზე 33 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც მსოფლიოს 20 ქვეყანაში ფრენებს 46 მიმართულებით ახორციელებენ.
საქართველოს აეროპორტების გავლით 2016 წელს 2,84 მილიონმა ადამიანმა გაიარა, რაც 2015 წლის მონაცემებს 26%-ით აღემატება.