ლონდონსა და ქუთაისს პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს

გამოწერა
Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლონდონის მიმართულებით კვირაში ორჯერ იფრენს.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. უნგრეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისსა და ლონდონს შორის რეგულარული რეისების შესრულებას 18 ივნისიდან დაიწყებს, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს Facebook–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ლონდონის მიმართულებით ავიარეისები დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან Airbus A320 და A321 ტიპის თვითმფრინავებით კვირაში ორჯერ  - ყოველ ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.  

თვითმფრინავი Airbus A330 - Sputnik საქართველო
ქუთაისის აეროპორტი რეისების გეოგრაფიას აფართოებს

დაბალბიუჯეტიანი ავიარეისი ხელს შეუწყობს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ტურისტული, სავაჭრო და საქმიანი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და შესანიშნავი არჩევანია როგორც ტურისტული, ასევე ბიზნესმგზავრებისთვის, აღნიშნეს სამინისტროში.

2016 წელს საქართველოს დიდი ბრიტანეთიდან 19200 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 2015 წელთან შედარებით 42 ადამიანით ნაკლებია, რაც გასულ წელს ქვეყანაში ჩამოსულ ვიზიტორთა საერთო რიცხვის 0,3%-ს შეადგენს.

ამჟამად ავიაკომპანია Wizz Air სთავაზობს უკვე 12 დაბალბიუჯეტიან ავიამიმართულებას ევროპის 9 ქვეყანაში.

ქართულ ავიაბაზარზე სულ 33 ავიაკომპანია ოპერირებს, რომელიც მსოფლიოს 20 ქვეყანაში 46 მიმართულებით დაფრინავს. საქართველოს აეროპორტებით 2016 წელს 2,8 მილიონზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 2015 წლის მონაცემზე 26%-ით მეტია.

2016 წელს WizzAir საქართველოში მოემსახურა 168000 მგზავრს და 35%-ანი წლიური ზრდა დააფიქსირა. საერთო ჯამში 2016 წლის პირველ ნახევარში ქუთაისის აეროპორტის მომსახურებით 271300 მგზავრმა ისარგებლა, რაც მგზავრთა საერთო რიცხვის 9,6%-ს შეადგენს.

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქიდან დასავლეთით, 14 კმ-ში მდებარეობს. აეროპორტის ოფიციალური გახსნა 2012 წლის სექტემბერში გაიმართა. 

აეროპორტის პრიორიტეტია დაბალტარიფიანი ავიაკომპანიების მოზიდვა ქართულ ბაზარზე და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა როგორც ავიაკომპანიებს, ისე აეროპორტებს შორის.


ყველა ახალი ამბავი
0